გიორგი ვაშაძე - ვინმე თუ ელოდა ეუთო/ოდირისგან, რომ არალეგიტიმურად ცნობდა ამ არჩევნებს, ძალიან შემცდარა, რადგან ეს არ არის მისი მოქმედების მანდატი
ვინმე თუ ელოდა ეუთო/ოდირისგან, რომ არალეგიტიმურად ცნობდა ამ არჩევნებს, ძალიან შემცდარა, რადგან ეს არ არის ეუთო/ოდირის არც მოქმედების მანდატი და ასეთ რამეს ვერც განაცხადებდა, – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის შესახებ.
ვაშაძის თქმით, ყველა პრობლემის არსებობამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე, რასაც ეუთო/ოდირი ვერ დაწერდა.
„რაც შეეხება შინაარსს, რა დარღვევებზეც არის აქ საუბარი, რა თქმა უნდა, ეს არის ის ფუნდამენტური დარღვევები, რაზეც ჩვენ ვამბობთ, რომ შედეგზე მოახდინა ძალიან დიდი გავლენა. დიახ, დომინირებადმა ერთმა პარტიამ, დიახ, უამრავმა ადამიანმა, რომელიც შავი ფულით იყო დაქირავებული – ეს არ არის ნათქვამი, მაგრამ მინიშნებაა ამაზე, შავი ფულით დაქირავებულმა ასობით ათასმა ადამიანმა მოახდინა დიდი ზეგავლენა. ეს შავი ფული არის ის კორუფციული ფული, რომელიც დაიხარჯა არჩევნებში. დიახ, იმ დავების განხილვის შეუძლებლობამ შექმნა ის გარემო, რომ უნდობლობა არის და გადათვლა არ მოხდა უბნების და 1 700 საჩივარი რომ იყოს შეტანილი და ყველაფერზე რომ უარი მივიღეთ. ძალიან ბევრი საკითხი არის ჩამოთვლილი, მაგრამ მთავარი არის, რომ ნათქვამია, მათ წინა დასკვნაში რაც ჰქონდათ რეკომენდაციები, ისინი შეუსრულებელია. ანუ ფართო სპექტრია წარმოდგენილი იმ პრობლემების, რომლის შედეგადაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დიახ, ამ ყველა პრობლემის არსებობამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე, ამას ეუთო/ოდირი ვერ დაწერდა, ეს ჩვენი სათქმელია, ამას მიუთითებს იგივე ევროკავშირის აქტიური ჩართულობა რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში 5 მარტს გამოაქვეყნა.