გიორგი ვაშაძე - ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილმა ვადაზე ადრე უნდა დაასრულოს პრეზიდენტობა
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობა ვადაზე ადრე უნდა დაასრულოს.
გიორგი ვაშაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას გამოეხმაურა და ზურაბიშვილი გააკრიტიკა.
„მრცხვენია, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთე, მაინც ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ამ ქალბატონს საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია. იმედი მაქვს, პასუხისმგებლობას გრძნობს ყველა ადამიანი, ვინც დაშინებით, იძულებით თუ თავისი ნებით მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს. სირცხვილია და მე ვფიქრობ, რომ ვადაზე ადრე უნდა დაასრულოს მან საპრეზიდენტო სტატუსი, რადგან ეს არის საფრთხე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვყავს რუსეთის გავლენის აგენტი საქართველოში, ეს ცალსახაა, ფაქტია და უკვე დადასტურებულია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სალომე ზურაბიშვილი გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების კითხვებს უპასუხა.