გიორგი ვაშაძე - ვფიქრობ, გიორგი გახარია გარკვეულ ეტაპზე დახურავს საკუთარ პარტიას
გიორგი გახარია დიდი პრემიერ-მინისტრი რომ იყო, მაშინ არ იკადრა დებატებზე მოსვლა, დაარღვია სტანდარტი, ახლა, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანი, მოკვდავი გახდა და ოლიმპოს მთიდან ჩამოვიდა, მზად ვარ, ნებისმიერ დროს მასთან დებატებში დავჯდე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, საქართველოში არსებული ეკონომიკური კატასტროფა მათ შორის გახარიას დამსახურებაა.
„მოდი, ღიად ვთქვათ, ქართული საზოგადოების, მედიაჯგუფების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების, ყველას მთავარი განხილვის საკითხი დღეს რა არის? ყველა რას ამბობს პრესკონფერენციაზე, ვაიმე, დედა, რა სუსტი ყოფილაო. ამიტომ ყველა ამ კითხვას რომ გასცეს პასუხი, გუშინ ვთქვი და გავიმეორებ, როცა ოლიმპოს მთაზე იმყოფებოდა, დიდი პრემიერ-მინისტრი რომ იყო, მაშინ არ იკადრა დებატებზე მოსვლა. დაარღვია ახალი სტანდარტი, რომელიც იყო შექმნილი საქართველოში, რომ ყოველთვის დებატები იმართებოდა. მათ შორის 2016 წელსაც გაიმართა ეს დებატები, 2017 წელს და 2018 წელს. ახლა, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანი, მოკვდავი გახდა და ოლიმპოს მთიდან ჩამოვიდა, მზად ვარ, ნებისმიერ დროს მასთან დებატებში დავჯდე და ვაჩვენო, რომ ის ეკონომიკური კატასტროფა, რაც ამ ქვეყანაში არის, მათ შორის მისი დამსახურებაა. ეს ადამიანი ქვეყანას ამდენი წელი მართავდა და ამიტომაც არის ნეპოტიზმიც, კორუფციაც, დეინსტიტუციონალიზაციაც, რადგან ჩვეულებრივი თანამონაწილე იყო ამ მძიმე პროცესის, რაც ქვეყანაშია. ვფიქრობ, რომ ბატონი გახარია გარკვეულ ეტაპზე დახურავს საკუთარ პარტიას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.