გიორგი ვაშაძე - ვფიქრობ, გერმანიის ელჩმა თავის განცხადებაში გარკვეული შეცდომა დაუშვა, თუმცა ეს საკითხი უნდა დავხუროთ
ვფიქრობ, გერმანიის ელჩმა თავის განცხადებაში გარკვეული შეცდომა დაუშვა, თუმცა ეს საკითხი უნდა დავხუროთ, რადგან გერმანიასთან და ევროკავშირთან თანამშრომლობა ნომერ პირველი პრიორიტეტია,- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანია საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანაა, ევროკავშირში კი საქართველოს ოჯახია.
„პირველი – გერმანია ჩვენი მხარდამჭერი, პარტნიორი ქვეყანაა, ევროკავშირი არის ის, სადაც არის ჩვენი ოჯახი, სადაც უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, რომ გერმანიის ელჩმა გარკვეული შეცდომა დაუშვა თავის განცხადებაში, თუმცა ამით ეს საკითხი უნდა დავხუროთ, რადგან გერმანიასთან და ევროკავშირთან თანამშრომლობა ნომერ პირველი პრიორიტეტია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კითხვაზე, მიგაჩნიათ, თუ არა, რომ ევროკავშირის განცხადება თქვენ გეხებათ, ვაშაძემ უპასუხა: „არც ერთ შემთხვევაში, მე რატომ უნდა მეხებოდეს“.
ევროკავშირმა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს გმობენ.