გიორგი ვაშაძე - უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის მთავრობამ, ეს არის ქართველი ხალხის ერთად დგომის შედეგი
უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის ერთად დგომის შედეგი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, დასავლეთმა ძალიან მკაფიოდ დაინახა, რომ ქართველ ხალხს არა უბრალოდ უნდა ევროკავშირი და ნატო, არამედ მზად არის, იბრძოლოს ამისთვის.
„სწორედ ამის დემონსტრირება იყო 7-8 მარტს და მათი მხრიდან მყისიერმა ნაბიჯებმა არ დააყოვნა. სანქცირებულია ოთხი მოსამართლე, მაგრამ კიდევ უფრო მეტს მოუწევს სანქცირება, თუ ისინი ხალხის ნების გაყალბებას შეეცდებიან. ჩვენ გვერდით არის ამერიკა, ჩვენ გვერდით არის ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა და ჩვენ ერთიანობას აქვს ასეთი პასუხი მათი მხრიდან, ეს მხოლოდ ნაბიჯების დასაწყისია. მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს პირველ რიგში, შეეშვით ქართველი ხალხის ნების გაყალბებას, ხელისუფლებამ დაკარგა ყოველგვარი მორალური საფუძველი, მას ერქვას საქართველოს მთავრობა და იცოდეთ, თუ გააგრძელებთ ხალხის ნების გაყალბებას, შემდეგი იქნებით თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი გარემოცვა და აუცილებლად არა მხოლოდ სანქცირებით, კიდევ ბევრი ქმედება იქნება ჩვენი პარტნიორების მხრიდან.
ვფიქრობ, დღეს ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მშვიდობიანად დაიწყოთ მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნება ხალხისთვის. მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, არ უნდა მოვდუნდეთ, ეს რეჟიმი არის რუსეთთან დაკავშირებული და ერთადერთი, რაც უნდათ, უნდათ, რომ აქ იყოს რუსული ჭაობი. ჩვენ ამას არ შევეგუებით. არ მოგვადუნოს ამ მცირე გამარჯვებებმა, საბოლოო გამარჯვება არის წინ. ჩვენ გავიმარჯვებთ, როცა მოვიშორებთ ამ რუსულ რეჟიმს და საქართველო გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, როდესაც ძლიერი საქართველოს იდეის რეალიზებას მოვახდებთ. „ქართული ოცნების“ გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს, დატოვეთ ეს გემი. სხვა მოსამართლეებსაც და სხვა პირებს, რომლებიც აწერდნენ ხელს ქართველი ხალხის ნების გაყალბებას, ჯერ კიდევ გაქვთ დრო. ეს იყო გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებისგან“, – განაცხადა ვაშაძემ.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.