გიორგი ვაშაძე - უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, საერთო წნეხმა, რომელიც შევქმენით ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორის, ჟურნალისტების მონაწილეობით, შეიძლება, საბოლოო გამარჯვება მოიტანოს
შევთანხმდით, რომ ჩვენ, ოპოზიციამ, უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და საერთო წნეხმა, რომელიც ჩვენ შევქმენით ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორის, ჟურნალისტების მონაწილეობით, შეიძლება, საბოლოო გამარჯვება მოიტანოს, რომელსაც ასე ელოდებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სტრასბურგში განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოთხი ოპოზიციური პარტიის – „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ნაციონალური მოძრაობის“ „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე ყველა პოლიტიკური ფრაქციის წარმომადგენელი მივიდა.
მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ოპოზიცია მზად არის, ამისთვის ნებისმიერი პასუხისმგებლობა აიღოს.
„ყველა პოლიტიკური ფრაქციის წარმომადგენელი მოვიდა შეხვედრაზე, რადგან საქართველო ამ დერეფნებში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. ეს შეძლო ქართველმა ხალხმა. ჩვენმა ერთობამ და გამოღვიძებამ გამოაღვიძა მთელი ევროპა და ისევ საქართველოსკენ მოაპყრო ყურადღება. დილემა ასეთია: ხელისუფლება რუსეთისკენაა მიმართული, ხალხი – ევროპისკენ. როგორ არ დაისაჯოს საქართველო და ხალხი და რა ვუყოთ ხელისუფლებას – ეს არის ის შინაარსი, რაზეც ვმსჯელობთ და აქ ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენ, ოპოზიციამ, უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და საერთო წნეხმა, რომელიც ჩვენ შევქმენით ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორის, ჟურნალისტების მონაწილეობით, შეიძლება, საბოლოო გამარჯვება მოიტანოს, რომელსაც ასე ელოდებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები,“ – განაცხადა ვაშაძემ.