გიორგი ვაშაძე - უმაღლესი რანგის შეხვედრები მქონდა ბრიტანეთსა და ნორვეგიაში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვისაუბრე სანქციების საკითხზე
გიორგი ვაშაძე - უმაღლესი რანგის შეხვედრები მქონდა ბრიტანეთსა და ნორვეგიაში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვისაუბრე სანქციების საკითხზე

უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები თვალყურს ადევნებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ პროტესტში მონაწილე ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ბრიტანეთსა და ნორვეგიაში უმაღლესი რანგის შეხვედრები გამართა.

„უმაღლესი რანგის შეხვედრები მქონდა ბრიტანეთში საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ქემერონთან, აგრეთვე, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. მინდა, ჩაგაბაროთ ანგარიში ამ შეხვედრებთან დაკავშირებით. ნამდვილად უპრეცედენტოა, როდესაც ოპოზიციის ლიდერებს ხვდება ამ რანგის წარმომადგენელი ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან. ეს მკაფიოდ მიუთითებს იმ პროდასავლური მისწრაფებების მხარდაჭერაზე, რომელიც არის ბრიტანეთში, ნორვეგიასა თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. სწორედ საზოგადოების მასობრივმა პროტესტმა, იმ უპრეცედენტო რაოდენობის პროტესტმა საქართველო დააბრუნა ტოპ დღის წესრიგში დასავლურ ქვეყნებში და მთელი მსოფლიოს მედია – ბრიტანული, ამერიკული, ევროპული საუბრობს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. შესაბამისად, უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები თვალყურს ადევნებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ პროტესტში მონაწილე ადამიანებს, იმ ქართველ პატრიოტებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის, საქართველოს საბოლოო დერუსიფიკაციისთვის, რაც არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის განმარტებით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სანქციების საკითხზე ისაუბრა.

„ბრიტანეთი ნამდვილად აპირებს მსჯელობას, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ისინიც იხილავენ, შეუერთდნენ ამ საკითხებს, სასანქციო პოლიტიკას, რომელიც არის აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან. რატომ? იმიტომ, რომ მათთვის ძალიან მკაფიოა ქართველი ხალხის არჩევანი და ეს გამოიხატა პროტესტითა და აქციებით. მეორე მხრივ, ძალიან მკაფიოა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, ცივი ომი გამოუცხადა დასავლელ პარტნიორებს და საქართველოში ევროპულ ინტეგრაციას. შესაბამისად, ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ერთიანი ძალებით მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიცაა საქართველოს უახლესი ისტორიის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი დღე, დღე, როცა უნდა გავაკეთოთ არჩევანი – ვართ ევროკავშირის წევრი თუ ამ გაუდაბურებულ ჭაობში ვიცხოვრებთ, საითაც მიგვათრევს „ქართული ოცნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.