გიორგი ვაშაძე - უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი, რაზეც „ოცნებამ“ უარი თქვა
გიორგი ვაშაძე - უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი, რაზეც „ოცნებამ“ უარი თქვა

ჩემი ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი შესთავაზა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა მრავალმილიარდიანი პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, რაც ნიშნავს „ლენდლიზებიდან“ დაწყებული, სხვადასხვა მექანიზმით საქართველოსთვის ზეთანამედროვე შეიარაღების მიწოდებას.

უფრო მეტიც, ამერიკულ წრეებში განიხილებოდა ქართველი მფრინავების გადამზადება უკრაინელებთან ერთად. ამ ყველაფერზე უარი თქვა „ქართულმა ოცნებამ“. ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა. არ ვიცი, დაადასტურებს თუ არა ამას ამერიკული მხარე, ალბათ გაუჭირდება, მაგრამ დრო მოვა, ამას ღიად დაადასტურებს. ზუსტად ვიცი, რომ ეს შეთავაზება იქნა გაკეთებული და ამაზე უარი თქვა პრორუსულმა „ქართულმა ოცნებამ“. ამხელა შესაძლებლობაზე უარის თქმა, წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიკეტებოდა რუსული საფრთხე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.