გიორგი ვაშაძე - უკრაინაში ჩასვლაზე გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს, კარგი იქნება, თუ გაემიჯნება ხელისუფლების პოზიციას
სამწუხარო და სამარცხვინოა, რაც ხდება „ქართული ოცნების“ მხრიდან უკრაინაში ჩასვლა-არჩასვლასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში კვლავ ჩასვლას აპირებს.
„სტეფანჩუკს ვეთანხმები, რომ არანაირი მოწვევა არ არის საჭირო, რათა ჩახვიდე უკრაინაში. პირადად მე დაახლოებით ერთი თვის მანძილზე ვიყავი და კიდევ ვაპირებ ჩასვლას, მათ შორის მოვინახულებ ჩვენს გმირებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. ძალიან ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ პინკპონკის თამაშს განაგრძობს. ეს სამარცხვინოა. ძალიან მარტივი ნაბიჯია გადასადგმელი. უნდა ჩავიდნენ და ამით დაამთავრონ ჭიდაობა – ეკუთვნით თუ არა ჩასვლა უკრაინაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
როგორც ვაშაძე ამბობს, უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია აქვს.
„კომუნიკაცია მქონდა ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. ჩვენ ჩავალთ, რომ სულ მცირე, შევამსუბუქოთ ის მძიმე დამოკიდებულება, რაც არის უკრაინის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება კითხვას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უკრაინაში ჩასვლას ეხება, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
„ეს გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს. თუ გაემიჯნება ხელისუფლების პოზიციას, რა დამოკიდებულებასაც ასხივებს უკრაინასთან მიმართებით, ეს ძალინ კარგი და სწორი იქნება. ასეთ ნაბიჯს თუ გადადგამს, მივესალმები“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.