გიორგი ვაშაძე - უკომპრომისო და კოორდინირებულმა ბრძოლამ ჩვენ მოგვიტანა გამარჯვება
გიორგი ვაშაძე - უკომპრომისო და კოორდინირებულმა ბრძოლამ ჩვენ მოგვიტანა გამარჯვება

8 მარტს ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას და ეს არის ჩვენი მძლავრი, ერთიანი ძალისხმევის შედეგი, რასაც ვიღებთ ახლა, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით,  „ქართულ ოცნებას“ სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ მიიღოს ცვლილებები.

„8 მარტს ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას და ეს არის ჩვენი მძლავრი, ერთიანი ძალისხმევის შედეგი, რასაც ვიღებთ ახლა. „ქართულ ოცნებას“ სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ მიიღოს ცვლილებები. ამისათვის სრული მხარდაჭერა მივიღეთ დასავლეთისგან, რადგან ხალხი იყო მთავარი მომთხოვნი, რადგან ოპოზიცია იყო ერთიანი და ამ ერთიანობის ფორმულაშია ხვალ და ზეგ გამარჯვება. რაც მთავარია, მივდივართ ჩვენი სწორი სტრატეგიით და გამარჯვების გზით. რაც შეეხება იდევ ერთ საკითხს, რომელიც არის დარჩენილი 8 მარტის შეთანხმებაში, გიორგი რურუა აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს, ეს მოთხოვნა არც ერთ შემთხვევაში არ გაქრება და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყოველდღიური საუბრები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის სტრატეგია ხელისუფლების 31 ოქტომბერს შეცვლაა.

„ოპოზიციამ სწორი ნაბიჯი გადადგა, რომ პირველ მოსმენაზე თავი დავიზღვიეთ მათი მანიპულაციებისგან და სწორი იყო რაც გაკეთდა, ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს. მეორე მოსმენაზე რომ ეს ცვლილებები ჩავარდნილიყო, ისევ შემობრუნება შეიძლებოდა კანონპროექტის. მე მახსოვს, ნოემბერში მათი ყეყეჩი განცხადებები, რომ არაფერი შეიცვლებოდა და 73-77-ზე უნდა იყოს საარჩევო სისტემაო, მერე მახსოვს დეკემბერში მათი განცხადებები, 100-50-ზე არის ბოლო და მეტს არაფერს ვიზამთო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ მეტიც შესაძლებელი იყო. უკომპრომისო სამართლიანმა და კოორდინირებულმა სტრატეგიულმა ბრძოლამ ჩვენ მოგვიტანა ეს გამარჯვება და აიძულა „ქართული ოცნება“ თვითონ დატუქსული ბავშვივით მისულიყო და ხმა მიეცა ამ საარჩევნო ცვლილებებისთვის, ასე მოუწევთ მესამე მოსმენის ჩათვლით. რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიას, ჩვენი სტრატეგია 31 ოქტომბრამდე მიდის, როგორ ვცვლით ხელისუფლებას. 31 ოქტომბრის შემდეგ კი ნახავთ, როგორ ვაპირებთ აღმშენებლობას ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.