გიორგი ვაშაძე - თუ გვინდა, მამუკა ბახტაძის ინიციატივა შესრულდეს, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ უნდა გაიმარჯვოს
გიორგი ვაშაძე - თუ გვინდა, მამუკა ბახტაძის ინიციატივა შესრულდეს, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ უნდა გაიმარჯვოს

თუ გვინდა, რომ ეს, რაც დღეს იყო ნათქვამი, მართლაც შესრულდეს ამისთვის აუცილებელია, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ, პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ჯერ საბოლოო გამარჯვებისთვის არ მიუღწევია, თუმცა უკვე ცხადია, „რამხელა ნაბიჯებზე უწევს „ოცნებას“ წასვლა“.

„ჩვენ დიდი ხანია, მსგავსი ინიციატივა გვაქვს და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა არის გაჩერებული. წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ გამარჯვება საბოლოოდ მოპოვებული არ გვაქვს არჩევნებში და რამხელა ნაბიჯებზე უწევს „ქართულ ოცნებას“ წასვლა. ეს არის სწორედ პრინციპი და თუ გვინდა, რომ ეს, რაც დღეს იყო ნათქვამი მართლაც შესრულდეს, აუცილებელია, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს. თუ ვაშაძე არ გაიმარჯვებს, როგორც აქამდე უფასო ფულით ატყუებდნენ ადამიანებს, როგორც აქამდე არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია, ისევ ისე მოიქცევიან. კარგად ესმით, რომ მათი დღეები ამოწურულია და ხალხს უნდა მოუსმინონ”,- განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.