გიორგი ვაშაძე - თეონა აქუბარდიას და სხვებსაც შეგიძლიათ, მიუტანოთ 31 კითხვა, რომელსაც ოლიგარქიული რეჟიმი პასუხს არ სცემს, ჰკითხეთ, თუ აქვთ ამ კითხვებზე პასუხი
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, რაც მეტი პროევროპელი გაერთიანდება და საერთო სამოქმედო გეგმა ექნებათ, უფრო სწრაფად დაამარცხებენ ოლიგარქიულ რეჟიმს.
ვაშაძის თქმით, საინტერესოა, ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, რა პასუხი აქვს 31 კითხვაზე, რომელიც ხელისუფლების მიმართ არის დასმული.
გიორგი ვაშაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „რამდენად გამართლებულია ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბარი, როცა „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა თეონა აქუბარდიამ“.
„გამართლებულია ჩვენი გაერთიანება. რა თქმა უნდა, რაც მეტი პროევროპელი გავერთიანდებით, რაც მეტი საერთო სამოქმედო გეგმა გვექნება, მით უფრო სწრაფად დავამარცხებთ ოლიგარქიულ რეჟიმს, რომელიც 31 კითხვაზე არ სცემს პასუხს, ჩვენ კიარა, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ამიტომ ყველას, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი, შეგიძლიათ, ეს კითხვები მიუტანოთ და აბა, რას გეტყვიან ამ კითხვებზე, მათ შორის თქვენ მიერ დასახელებულ პიროვნებას“, – განცხადა გიორგი ვაშაძემ.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდით თეონა აქუბარდიას პარტიიდან წასვლას, გიორგი ვაშაძე პასუხობს: „არანაირი, არანაირი. ჩემი პოზიცია არის, რომ მინდა, მიხვიდეთ ყველა ადამიანთან, რაც არ კეთდება, 31 კითხვაა და მასაც, სხვასაც ჰკითხეთ, ამ 31 კითხვაზე თუ აქვთ პასუხი“.
თეონა აქუბარდიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა და მიზეზად საპარლამენტო მუშაობისგან პარტიის დისტანცირება დაასახელა.