გიორგი ვაშაძე - თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებზე პოლიციური რეჟიმი შემოიღო, როცა ტელეფონები ყველას გარეთ დაატოვებინა
თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებზე ჯერ სამოქალაქო სექტორს გამოუცხადა ომი და მერე პოლიციური რეჟიმი შემოიღო, როცა ტელეფონები ყველას გარეთ დაატოვებინა, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია” – საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.
„სხდომებზე დავდიოდით, მაგრამ ბოლოს, ჩვენ კი არა, ეს ფორმატი სამოქალაქო სექტორმა დატოვა, რადგან ამ ქალბატონს აბსოლუტური უნდობლობა აქვს და ჩვენ რა უფლება გვქონდა, მარტო დავრჩენილიყავით?! ფორმატიდან ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია გამოვიდა. შეხვედრებში გელა სალუაშვილი და თეა წულუკიანი პინკ-პონკს თამაშობენ და იყვნენ და ერთმანეთში ილაპარაკონ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ამ განცხადებით გიორგი ვაშაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ არ იყენებს ოპოზიცია ისეთ მექანიზმს, როგორიც უწყებათაშორისი კომისიაა.
თამთა სანიკიძემ გადაცემის სტუმარს შეახსენა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ დრომდე უწყებათაშორის კომისიაში რჩება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოა“, რაზეც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ კომისია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ დატოვეს.
მისი თქმით, თეა წულუკიანმა ეს ყველაფერი პოლიციური რეჟიმის გამო მიიღო, რომელიც მან დაამყარა და რის გამოც, მთელი საერთაშორისო საზოგადოება შოკში იყო.
„იყო ტელეფონების გარეთ დატოვება, იქ შემსვლელი ადამიანების გაჩხრეკა და ა.შ. ვერ გავიგე, საჯარო ინსტიტუციაზე ვსაუბრობთ და მექანიზმზე, რომელიც არჩევნების წინააღმდეგ შეიქმნა, თუ პოლიციურზე ?! მგონი, თეა წულუკიანს რაღაც ეშლება. ადამიანები, რომლებიც უწყებათაშორის კომისიის სხდომებზე დადიან, პროკურატურაში კი არ არიან დაბარებული?! ამ ყველაფერზე „ქართული ოცნება“ პასუხს მიიღებს“, – განაცხადა ვაშაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, შეუქმნა თუ არა მას უხერხულობა გაყალბებულმა ხელმოწერამ, რადგან გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიის ერთ-ერთი ტექნიკური კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში პრემიერ მინისტრის პირადი ნომერი და ხელმოწერაა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლების დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
„შოთა მალაშხიამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ როცა სია შეიტანა, ის დალუქეს და როცა გადასამოწმებლად გახსნეს და ლუქი მოხსნეს, თითქოს, ამ სიაში ჩამატებული, 26 ფურცლით მეტი აღმოჩნდა. ეს ოფიციალურად, დოკუმენტურად არის დამტკიცებული და ის 26 ფურცელი იქ საიდან გაჩნდა?!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.