გიორგი ვაშაძე - თაკო ჩარკვიანი პატიოსანი და სანდო ადამიანია ქართულ პოლიტიკაში
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნაადრევია საუბარი იმაზე, შექმნის თუ არა „კანონი და სამართლის“ ლიდერ თაკო ჩარკვიანთან ერთად საარჩევნო ბლოკს.
„ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ჯერ ამაზე არ გვქონია დეტალური საუბარი. ნაადრევია, რადგან ჩვენ ვართ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ შემადგენელი ნაწილი. თაკო ჩარკვიანი არის გამოყოფილი, პატიოსანი, სანდო ადამიანი ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება კითხვას, შესაძლებელია თუ არა, გაერთიანებული ოპოზიცია დაიშალოს, ვაშაძის თქმით, სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მიიღონ საერთო ჯამში ოპოზიციურმა პარტიებმა.
„სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური ხმა აიღონ საერთო ჯამში ოპოზიციურმა პარტიებმა. გახსოვთ, ჯამში 62-ით 38 მოუგო „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველი ტურში. ახლა ვნახავთ იმ ფორმულას, რითაც ჯამურად ოპოზიციური პარტიები ჩემი აზრით, დაახლოებით 65-70% აიღებენ. ამ სტრატეგიიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას, მთავარი ამოცანაა შეიცვალოს ხელისუფლება, სანქციები მოეხსნას ქვეყანას და განვითარდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებული ოპოზიციიდან გასვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით კი, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა თქვა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ეს კითხვა „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა დაუსვან.
„ახალი საქართველოს“ ლიდერმა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელთა დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება, რომელსაც თავად არ ესწრებოდა, თუმცა მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა მისი პარტიის წარმომადგენელი.
„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ოპოზიციური მაჟორიტარული ოლქი, სადაც შედის კიდევ უფრო მეტი ოპოზიციური ძალა, ვიდრე მხოლოდ „ძალა ერთობაშია“, აქედან გამომდინარე, ოპოზიციაც სწორედ ასეთი ენერგიული ქმედებებით იბრძოლებს არჩევნებისთვის, რაც შეეხება „ძალა ერთობაშიას“ ბლოკს, ამაზე შევთანხმდებით დავილაპარაკებთ, რაც კარგია და რაც უნდა ხალხს, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ.
ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება შეხვედრაზე და ეს პირველი შემთხვევა არ არის“, – აღნიშნა ვაშაძემ.