გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით ვაცხადებ, რომ სასამართლოში არსებულ კლანს აუცილებლად დავუსრულებთ სიცოცხლეს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით ვაცხადებ, რომ სასამართლოში არსებულ კლანს აუცილებლად დავუსრულებთ სიცოცხლეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ის ეთანხმება საქართველოში აშშ-ის ელჩის შეფასებას მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.
„სრულად ვეთანხმები ქალბატონ კელი დეგნანის იმ განცხადებას, რომელიც ეხება სასამართლოს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით ვაცხადებ, რომ კლანს აუცილებლად დავუსრულებთ სიცოცხლეს და მოვუსწრაფებთ იმ უბედურებას, რასაც ისინი აკეთებენ. იმსახურებენ ყველაფერს, მათრახებსაც იმსახურებენ და ყველაფერს. ნაბიჯ-ნაბიჯ ამას მივაღწევთ. შარლ მიშელის დოკუმენტზე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გვაქვს ხელი მოწერილი, დოკუმენტს ევროპული და ამერიკული ბეჭედი აქვს დასმული. ისინი ამ ბეჭედს თუ შეეწინააღმდეგებიან, იქნებიან სანაგვეზე, აუცილებლად ასე იქნება იმიტომ, რომ კატასტროფაა, რაც ახლა ხდება მათი მხრიდან. ეს არის აღვირახსნილი ქმედება, ამ აღვირახსნილ ქმედებას ძალიან სწორი ტაქტიკით დავუპირისპირდებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მოსამართლეთა დასახელებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არ შეეფერება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას.