გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის ამოცანაა, შშმ პირებს შევუქმნათ სრულყოფილი გარემო და დავეხმაროთ მათ ოჯახებს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა. შეხვედრაზე შშმ პირების პრობლემები განიხილეს და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების პრობლემების მოგვარება და ადაპტირებული გარემოს შექმნა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მთავარი ამოცანა იქნება.
„ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 118 000 ადამიანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე. მათ აქვთ ის საჭიროებები, რომლებიც სამწუხაროდ, ვერ უკმაყოფილდებათ. ერთი მხრივ, ძალიან დაბალია პენსია, რომელსაც იღებენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და მათი ოჯახები. მეორე მხრივ, ძალიან მაღალი საბანკო პროცენტი, რომლის გადახდაც უწევთ მედიკამენტების შესაძენად. ასევე არ არის მათთვის ადაპტირებული გარემო. ეს არის პრობლემა, რომელიც არის წლების განმავლობაში საქართველოში და მასზე არ ხდება შესაბამისი რეაგირება. ჩვენი „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის მთავარი ამოცანა იქნება, რომ ამ ადამიანებისთვის შევქმნათ სრულყოფილი გარემო, დავეხმაროთ ოჯახებს და გავხადოთ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება ამაზე უნდა ზრუნავდეს. ეს იქნება ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.