გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ ემიჯნება ოპოზიციის შიგნით პიროვნულ გარჩევებს, მსგავსი დაპირისპირება საზოგადოებაში იმედგაცრუებას აღრმავებს
გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ ემიჯნება ოპოზიციის შიგნით პიროვნულ გარჩევებს, მსგავსი დაპირისპირება საზოგადოებაში იმედგაცრუებას აღრმავებს

მოლაპარაკების პროცესში ჩვენ მიერ პოზიციების ცვლილება და ახალ ალტერნატივებზე საჯაროდ მსჯელობა უკან დახევად აღიქმება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ხელისუფლებას უჩენს ცრუ ილუზიას, რომ ოპოზიცია მზად არის კომპრომისზე წავიდეს, ვადამდელი არჩევნების საკითხის განუხილველად.

ამასთან, ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ემიჯნება ოპოზიციის შიგნით პიროვნულ გარჩევებს.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ თვლის, რომ ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში ჩვენ მიერ პოზიციების ცვლილება და ახალ ალტერნატივებზე საჯაროდ მსჯელობა აღიქმება უკან დახევად, რაც ცრუ ილუზიას უქმნის ხელისუფლებას, რომ მზად ვართ ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვის გარეშე კომპრომისებისთვის. ამასთან, მზად ვართ ოპოზიციის შიგნით ვიმსჯელოთ და მოვისმინოთ ნებისმიერი განსხვავებული წინადადება, რომელიც ეხება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დავინახავთ ხელისუფლების მზაობას რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ემიჯნება ოპოზიციის შიგნით პიროვნულ გარჩევებსა და კინკლაობას, რადგან ვთვლით, რომ მსგავსი დაპირისპირება საზოგადოებაში აღრმავებს იმედგაცრუებასა და ნიჰილიზმს“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.