გიორგი ვაშაძე - მეგობრებო, თქვენს სახლებში, თქვენ გარშემო ის სიმბოლიკა გავაჩინოთ, რომელიც პროტესტს გამოხატავს, ეს არის შავი ლაქა, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმნიშვნელია
შემდეგი 24 საათი ვრჩებით ჭავჭავაძის გამზირზე და ვაგრძელებთ ბრძოლას დიდ გამარჯვებამდე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, იზიარებს პრეზიდენტის პოზიციას, რადგან არჩევნებს არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, არც ოპოზიციის მხრიდან, არც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან.
„ვრჩებით აქ. შემდეგი 24 საათი ისევ აქ ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას დიდ გამარჯვებამდე. თანახმა ხართ? მაშინ ავწიოთ ყველამ ხელი და ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ამ გამბედაობისთვის და ამ ბრძოლისთვის.
სრულად ვიზიარებ პრეზიდენტის პოზიციას, არჩევნებს არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, არც ოპოზიციის მხრიდან, არც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. დღეს საქართველოს აბსოლუტურად თვითმარქვია ადამიანები მართავენ. ამიტომ ჩვენი ბრძოლა იქნება ბოლომდე, რომ გაიმარჯვოთ თქვენ, ქართველმა ხალხმა და იცოდეთ, რომ ყოველთვის ყველა ნაბიჯს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით. არ არის, რა თქმა უნდა, მარტივი მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვართ იგივე მოქალაქეები ამ ქვეყნის, როგორც თქვენ, ცოტა შეიძლება მეტი პასუხისმგებლობით. და თქვენ მიერ გამოხატულ ნდობას ძალიან ფრთხილად ვეკიდებით. ამიტომ, ვამბობთ, ამ გადაწყვეტილებას, რომ დღეს ვრჩებით აქ, ვიღებთ ერთად. ასევე, ჩვენ მოგვიწევს სხვა ტიპის გადაწყვეტილებების მიღებაც, რომელზეც პერიოდულად გაცნობებთ.
მინდა, იმ ადამიანებს მივმართო, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებენ, მეგობრებო, თქვენს სახლებში, თქვენ გარშემო ის სიმბოლიკა გავაჩინოთ, რომელიც ამ პროტესტს გამოხატავს – შავი ლაქა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ აღმნიშვნელი. ნელ-ნელა ეს პროტესტი უნდა მოედოს სრულიად საქართველოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას აქვს გეგმა, როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე.
„რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები, არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.