გიორგი ვაშაძე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე საპარლამენტო დებატების გამართვას ითხოვს
ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე მომავალ სასესიო კვირას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე საპარლამენტო დებატების გამართვას ითხოვს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაშაძემ განაცხადა, დღეს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა დემონტრაციულად გააუქმა.
მისი თქმით, შეხვედრის გაუქმება არის გზავნილი ევროპელი ლიდერების მხრიდან საქართველოს მოსახლეობის მიმართ.
„ეს პასუხია იმ ანტიდასავლურ კამპანიაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო. ასევე არის პასუხი საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო კამპანიაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო, თითქოს, დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა უნდა. ეს პასუხია მედიაშეტევაზეც. როცა ბრიუსელში მიდიხარ და იმ დღეს ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელს აკავებ და პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ამერიკასა და ევროპას ომში ჩართვა უნდათ, სხვას რას უნდა ელოდო, ასეთი დემონსტრაციული პასუხის გარდა? შეხვედრის გაუქმება არის გზავნილი ევროპელი ლიდერების მხრიდან საქართველოს მოსახლეობის მიმართ. საქართველოს ისტორიული შანსი აქვს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდეს, რაც ქვეყანაში მილიონობით ლარის შემოსვლას, არაადამიანური ყოფის გაუმჯობესებას , საქართველოს უსაფრთხოებას და 30 წლიანია გმირული ბრძოლის შედეგად მიღწეულ შედეგს ნიშნავს. ფაქტობრივად, ამაზე ანტიევროპული „ქართული ოცნება“ უარს ამბობს. ყველაფერს აკეთებენ, რათა ევროკავშირისგან კანდიდატის მინიჭებაზე უარი მივიღოთ. ეს არის დაკარგული შანსი ყველა ქართული ოჯახისთვის, სოფლისთვის, ქალაქისთვის. რეგლამენტის შესაბამისად, მომავალ სასესიო კვირას ვითხოვთ, საპარლამენტო დებატები გაიმართოს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. ყველა მძიმე ბრალდებაზე პასუხის გაცემა მოუწევს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც უნდა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ გავხდეთ და პირისპირ დაგვტოვოს რუსეთთან. ისტორიულ შესაძლებლობას გვაკარგვინებენ, ერთხელ და სამუდამოდ ამ წუმპიდან ამოვყოთ თავი და ნორმალური განვითარების პროცესი დავიწყოთ, ის მილიარდები მივიღოთ, რაც კანდიდატობას მოჰყვება“, – განაცხადა ვაშაძემ.