გიორგი ვაშაძე - საქართველო პირველად არ იქნება მიწვეული ნატო-ს სამიტზე, ჩვენი სახელითაც ვთხოვ სენატორებს, ეს რამენაირად შევცვალოთ
გიორგი ვაშაძე - საქართველო პირველად არ იქნება მიწვეული ნატო-ს სამიტზე, ჩვენი სახელითაც ვთხოვ სენატორებს, ეს რამენაირად შევცვალოთ

საქართველო პირველად არ იქნება მიწვეული ნატო-ს სამიტზე და ჩვენი სახელითაც ვთხოვ სენატორებს, ეს რამენაირად შევცვალოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, სენატორებთან შეხვედრაზე საკმაოდ ბევრ საკითხზე აპირებს საუბარს.

„პირველი, ესაა შარლ მიშელის დოკუმენტი და მისი შესრულება – იწელება რაღაცები და აუცილებლად გვჭირდება სენატის დახმარება. მეორე – ადამიანურად მინდა, ვთხოვო, მოგვეხმარონ ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას გათავისუფლებაში, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან დაკავებულები. მესამე, ეს არის სასამართლოს კატასტროფული მდგომარეობა, კლანური მმართველობა და კორუფცია, რომელიც ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას. მინდა, ავუხსნა როგორ. შია დღეს ქვეყანას, რადგან ეს ორი სისტემა ძარცვავს დღეს ხალხსა და ეკონომიკას. ასევე, საუბარი მექნება გლობალურ საკითხებზე. საქართველო პირველად არ იქნება მიწვეული ნატო-ს სამიტზე და ვთხოვ ოპოზიციის სახელითაც, ჩვენი სახელითაც, რომ ეს რამენაირად შევცვალოთ. მათი სიტყვა, მათი განცხადება, სამწუხაროდ, არის ჯერ კიდევ ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ ვაიძულებთ ხოლმე, რამე გააკეთოს. ცოტა ხანში ასე არ იქნება, დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ველოდები, რომ ნატო-ს ლიდერები სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინის ფართო მხარდაჭერის გაგრძელებას“.