სანდრა რულოვსი არის რეგიონის მოკაშკაშე ვარსკვლავი, რომელმაც უნდა ჩაიბაროს ზუგდიდის ხელმძღვანელობა, – ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განმუხურში, სანდრა რულოვსის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, სანდრა რულოვსი ზუგდიდს სრულიად განსხვავებულ პერსპექტივას მოუტანს.
„უბრალოდ წარმოიდგინეთ რამდენი რამ შეიძლება გაკეთდეს მისი უშუალო ხელმძღვანელობით ამ ქალაქში, რამდენი უცხოური ინვესტიცია შემოვა, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება, უბრალოდ ვამბობ, რამდენი ჩვენგანი დაიწყებს საქმის კეთებას, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ გვიწევს იმ პრობლემებზე ხაზგასმა, რაც დღეს ქვეყანაში არის. შეხედეთ ამ ადგილს. შეხედეთ განმუხურს. შეხედეთ ანაკლიას, ნუთუ ამას იმსახურებთ თქვენ. ნუთუ ამას იმსახურებს საქართველო? ჩვენი თვითმიზანი უბრალოდ ხელისუფლებაში მოსვლა კი არ არის, ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს ძლიერი, წარმატებული და ერთიანი სახელმწიფო. აი, ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად. სანდრა რულოვსი, ჩემი აზრით, არის რეგიონის მოკაშკაშე ვარსკვლავი, რომელმაც უნდა ჩაიბაროს ზუგდიდის ხელმძღვანელობა. არ იმსახურებს ზუგდიდი, არც მისი სოფლები და არც ქალაქის ცენტრი, იყოს ასე ბეჩავად მიგდებული გავერანებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.