გიორგი ვაშაძე - „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები ოპოზიციისთვის ერთ-ერთი არგუმენტი იყო და არა ერთადერთი
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები ოპოზიციისთვის ერთ-ერთი არგუმენტი იყო და არა ერთადერთი.
მისი თქმით, დაუბალანსებელი ოქმები, დაკარგული და ჩაყრილი ბიულეტენების საკითხი არსად გამქრალა და ეს ისევ დგას.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შეცდომა მოხდა. „ისფედი“ რიგითი ორგანიზაცია არ არის, მაგრამ კარგია, რომ მათ თვითონ აღიარეს ეს შეცდომები. ყველაზე ცუდი ის არის, რომ გვიან გვაცნობეს ამ ცვლილების შესახებ და დღეს ამაზეც ისაუბრეს.
რაც შეეხება „ისფედის“ პარალელურ დათვლას, ეს ერთ-ერთი არგუმენტი იყო და არა ერთადერთი ოპოზიციისთვის. ამიტომ ამაზე ვერ აიგება, რომ არგუმენტი არ გვაქვს და ა.შ. უკაცრავად, დაუბალანსებელი ოქმები, დაკარგული ბიულეტენები და ჩაყრილი ბიულეტენების საკითხი არსად არ გამქრალა და ეს ისევ დგას. ოპოზიცია ძალიან მყარია საკუთარ პოზიციაში. „ქართული ოცნება“ როგორც კი რაღაც საბაბს ნახავს, რომ რევოლუციაზე ილაპარაკოს, ამაზე ლაპარაკობს. ამათ ახლა ისე გამოსდით, რომ რევოლუციაზე აქეთ არავინ არ ფიქრობს და თვითონ იმდენს ლაპარაკობენ, რომ მგონი თავის თავსაც მოუწყობენ რევოლუციას, ამდენი ლაპარაკის შედეგად. ძველი იგავ-არაკის არ იყოს, მგელი, მგელიო და ბოლოს მართლა რომ იქნება მგელი, მაგრამ აღარავის ჰგონია. მაგათი საქმე დაახლოებით ასეა. ამიტომ სჯობს შეთანხმებისკენ იყოს კონცენტრირებული „ქართული ოცნება“ და კარგად გაიაზრონ, რომ ოპოზიციასთან მათი მხრიდან კომპრომისი აუცილებელია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.