გიორგი ვაშაძე - სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით შეხვედრაში „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ მონაწილეობს, პაატა მანჯგალაძემ არასწორად გაიგო, ეტყობა, არ ჰქონდა ინფორმაცია
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მისი თქმით, ალბათ პაატა მანჯგალაძეს შეხვედრაზე დასწრებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა.
„დღევანდელ შეხვედრაში არ ვმონაწილეობთ. პაატა მანჯგალაძეს არასწორად ჰქონდა გაგებული. რატომ უნდა დავესწროთ? რა არის დასაწყები. პაატა მანჯგალაძეს ეტყობა, არ ჰქონდა ინფორმაცია ჩვენს საკითხებთან დაკავშირებით. „სტრატეგია აღმაშენებელს“ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს. სრულად ვენდობით სამოქალაქო სექტორის მიერ ინიცირებულ პროცესს. შესაბამისად, დაველოდებით იმ კანდიდატებს, რომლებსაც სამოქალაქო სექტორი შეარჩევს და ამ კანდიდატებიდან ავარჩევთ სახალხო დამცველის იმ კანდიდატურას, რომელსაც მხარს დაუჭერს „სტრატეგია აღმაშენებელი“. იმედი მაქვს, ოპოზიციის ფლანგზე ეს პოზიცია იქნება გაზიარებული. როგორც მინიმუმ, ყველა, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, სწორედ ამ პოზიციაზეა. შესაბამისად, არაფორმალურ შეხვედრაზე მდინარაძესთან არაფერი განსახილველი ჩვენ არ გვაქვს.
პროცედურა დაწყებულია სამოქალაქო სექტორის მიერ. ეს პროცედურა თვითონ „ქართული ოცნების“ მიერ არის დამკვიდრებული წინა სახალხო დამცველის შერჩევის დროს. უნდა დაველოდოთ, ვინ წარადგენს საკუთარ კანდიდატურებს, აქედან ავარჩიოთ საუკეთესო და მას უნდა დავუჭიროთ მხარი. სხვა ყველა პროცესი იქნება მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ რამენაირად „გაათრიოს“ მისთვის სასურველი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ განცხადებაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, არავინ არ უღალატებს საკუთარ პოზიციას და არ გადავა „ქართული ოცნების“ მხარეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ დღეს განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრაზე დასწრებას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ გეგმავს.