გიორგი ვაშაძე - საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, მივესალმები, რომ სააკაშვილს შესაძლებლობა ეძლევა, სასამართლო სხდომაში პირადად მიიღოს მონაწილეობა
საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მივესალმები, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა ეძლევა, სასამართლო სხდომაში მონაწილეობა პირადად მიიღოს, სხდომას დაესწროს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ საქალაქოს სასამართლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმას არ გასცდება.
„იმედი მაქვს, მომავალში კიდევ გადაიდგმება ნაბიჯები სტაბილიზაციისკენ. არ შეიძლება, საგამონაკლისო წესით, მიხეილ სააკაშვილის უფლებები ირღვეოდეს. ამას ვაკვირდებით ჩვენ და აკვირდება საერთაშორისო საზოგადოება, რაზეც პოზიციები იქნება. ყველას აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობაც“ გააკეთებს ისე, რომ ამ მშვიდობიანობის ფარგლებს არ გასცდება და რაიმე განსაკუთრებული არ მოხდება, რასაც შემდეგ ხელზე დაიხვევს „ქართული ოცნება“ და ამას ისევ ჩვენ შემოგვიბრუნებს. პატარა ექსცესები იყო, მაგრამ რასაც ვუყურებ, სიტუაცია დამშვიდდა. იმედი მაქვს, ასე მშვიდობიან ფონზე წარიმართება პროტესტი. მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია დასტაბილურდა. იყო ერთი ინციდენტი, რომელიც განიმუხტა და იმედია, მშვიდად წარიმართება სასამართლო სხდომა. აქციის მონაწილეებსაც მინდა ვუთხრა, „ქართული ოცნება“ ჩასაფრებულია, რომ ნებისმიერი ექსცესი ხელზე დაიხვიოს და შემდეგ თქვას, ამიტომ არ უნდოდა სააკაშვილი დაესწროს სასამართლო პროცესსო. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მივცეთ ამ არგუმენტის საბაბად გამოყენების შესაძლებლობა, რადგან ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე და ყველაფერი შეიძლება გამოყენებულ იქნას პროტესტის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.