გიორგი ვაშაძე - რვა წელია, დამსხვრეული ოცნებების პარტია მართავს ქვეყანას, 31 ოქტომბერი არის გადამწყვეტი დღე, როცა საქართველომ აღმშენებლობა უნდა დაიწყოს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ რვაწლიან მმართველობას აფასებს და აცხადებს, რომ ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდს მოსახლეობისთვის არც ერთი დანაპირები არ შეუსრულებია.
როგორც ვაშაძემ განაცხადა, „ერთადერთი, რასაც მათ მიაღწიეს, ეს არის: 36 მილიონერი პარლამენტში, ექვსი ოფიციალურად მილიონერი მინისტრი, გამდიდრებული მათი ნათესავები და მეგობრები და გაღარიბებული ხალხი“.
ვაშაძეს მიაჩნია, რომ „31 ოქტომბერი, ეს არის გადამწყვეტი დღე, როცა საქართველომ ეს ტყუილები უნდა დაასრულოს და დაიწყოს ქვეყნის აღმშენებლობა“.
„დღეს პირველი ოქტომბერია და ზუსტად რვა წელია, რაც დამსხვრეული ოცნებების პარტია მართავს ქვეყანას. რვა წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობისთვის არც ერთი დაპირება არ შეუსრულებიათ. რვა წლის თავზე მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყანაში უკიდურეს სიღარიბეშია, რვა წლის თავზე 220 000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ, ხოლო კოვიდ მდგომარეობის შედეგად დამატებით 40 000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ. რვა წლის თავზე სასამართლოს მართავს კლანი. რვა წლის თავზე გაორმაგებულია დანაშაული და განახევრებულია მისი გახსნის მაჩვენებელი, ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა მძიმეა. რვა წლის თავზე ბოლომდე ჩამოშლილია სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს იცავენ. რვა წლის თავზე ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირებულ ქვეყანათა სიაში, რვა წლის თავზე მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. რვა წლის თავზე ადამიანებს არ შეუძლიათ, როგორ გამოიკვებონ და როგორ მიიტანონ პროდუქტი სახლში. რვა წლის თავზე საქართველოს მოქალაქეები უსამართლოდ მაღალ პროცენტებს, 20-36% იხდიან კვლავ მონოპოლისტურ ბანკებში. ერთადერთი, რასაც მათ მიაღწიეს რვა წლის განმავლობაში, ეს არის 36 მილიონერი პარლამენტში, ექვსი ოფიციალურად მილიონერი მინისტრი, გამდიდრებული მათი ნათესავები, მეგობრები და გაღარიბებული ხალხი. სწორედ, ამიტომ 31 ოქტომბერი, ეს არის გადამწყვეტი დღე, როცა საქართველომ ეს ტყუილები უნდა დაასრულოს და დაიწყოს აღმშენებლობა. არჩევანი, რომელსაც ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ვაძლევთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ძალიან მარტივია: საქმის თუ ფულის მკეთებელთა გუნდი – აი ეს არის განმასხვავებელი ჩვენსა და დამსხვრეული ოცნებების პარტიას შორის“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ინფორმაციას „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელის“ პრესსამსახური ავრცელებს.