გიორგი ვაშაძე - რუსეთთან ვაჭრობის შეჩერებას არ ვაპირებთ, მაგრამ არ მინდა, ეკონომიკა რუსეთზე იყოს ჩამოკიდებული
გიორგი ვაშაძე - რუსეთთან ვაჭრობის შეჩერებას არ ვაპირებთ, მაგრამ არ მინდა, ეკონომიკა რუსეთზე იყოს ჩამოკიდებული

რუსეთთან ვაჭრობის შეჩერებას არ ვაპირებთ, მაგრამ არ მინდა, რომ ეკონომიკა რუსეთზე იყოს ჩამოკიდებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

„რუსეთთან ვაჭრობა მიმდინარეობს. რასაც ვაწარმოებთ, რაც მეტს ვაწარმოებთ, გავყიდით. არ ვაპირებთ იმას, რომ ქართული პროდუქცია არ გავყიდოთ, პირიქით, უნდა გავყიდოთ. თუ იყიდიან, გავყიდით, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ რუსულ ბაზარზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული ეკონომიკა, როგორც დღეს არის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, რუსეთს არ აქვს ბევრი ალტერნატივა, რომ სხვა ბაზრებიდან მიიღოს პროდუქცია.

„ისინი თუ დაკეტავენ საზღვარს და არ მიიღებენ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ასეც არ იქნება, რადგან არ აქვთ ბევრი ალტერნატივა, რომ სხვა პროდუქცია მიიღონ. ასეთ განცხადებას ვერ იპოვით, რომ ჩვენ ვაპირებთ რუსეთთან ვაჭრობის შეჩერებას. ჩვენს პროდუქციას თუ იყიდიან, იყიდიან, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რომ 100 პროცენტით ფქვილი, რაც შემოდის საქართველოში, რუსეთიდან შემოდიოდეს. არ მინდა, მასზე ჩამოკიდებული ეკონომიკა იყოს“, – განაცხადა ვაშაძემ.