გიორგი ვაშაძე - როგორც კი პრემიერ-მინისტრი გავხდები, დეკემბერში პენსიონერებს კრედიტებზე პროცენტი ჩამოეწერებათ, მომავალი წლიდან ყველა სესხზე პროცენტი მინიმუმ განახევრდება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ეროვნულ ბანკთან იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებსაც სესხი მაღალ პროცენტში აქვთ აღებული. ვაშაძის განცხადებით, სესხების გადავადება არ არის საკმარისი და კრიზისულ პერიოდში ის სახელმწიფომ უნდა დაფაროს.
„ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური ვითარება და ნომერ პირველი პრობლემა დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის, ქართული ბიზნესისთვის, კერძო სუბიექტებისთვის, ადამიანებისთვის არის კრედიტები და განუზომლად მაღალი პროცენტები. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მხოლოდ მასთან დაკავშირებული ბიზნესის დასახმარებლად. სუბსიდირება მისცეს მხოლოდ კომპანიებს, რომლებშიც წილები თვითონ აქვთ. ეხმარებიან მხოლოდ იმ სექტორს, სადაც თვითონ აქვთ ბიზნესინტერესები და არ ეხმარებიან ხალხს.
ჩემთან ერთად ახლა იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ არ იციან, საიდან გადაიხადონ სესხი, ვალები. 5 მილიარდი აიღო სახელმწიფომ ვალი და ამ ხალხს არ ეხმარება. 220 მილიონის ქონება მარტო პირველ ექვს თვეში გადაიფორმა საბანკო სექტორმა. ხალხი კარგავს სახლებს, ბიზნესს, ყველაფერს“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის ფუნქცია არის არა ბანკების ინტერესების დაცვა, არამედ საქართველოს მოქალაქის ინტერესის დაცვა.
„რაში გვჭირდება ეროვნული ბანკი საერთოდ, რისთვის გვინდა, თუ ის იცავს მხოლოდ ბანკების ინტერესებს. რისთვის გვინდა პრემიერ-მინისტრი გახარია, რომელიც იცავს მხოლოდ საკუთარ თავთან და მის გარემოცვასთან დაკავშირებული ბიზნესების ინტერესებს. მაინტერესებს ამ ხალხის ინტერესს ვინ იცავს. ადამიანები ჩვენთან ოფისში ყოველდღიურად მოდიან. ჩვენი იურისტი მიშა ვეღარ აუდის საქმეებს. კონკრეტული შემთხვევებია, როცა უსამართლოდ, უკანონოდ ართმევენ ქონებებს ადამიანებს. ამ კუთხით არაფერს აკეთებს ხელისუფლება. პირიქით, წახალისება ბანკებს, წახალისება კომპანიებს, რაც არის ძალიან ცუდი. ამიტომ, როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჩემი ამოცანა იქნება ამ ხალხის დახმარება. დეკემბერში ჩამოეწერება ყველა პენსიონერს გაცემულ კრედიტზე სესხის პროცენტი და მომავალი წლიდან განახევრდება აბსოლუტურად ყველა სესხზე პროცენტი. მინიმუმ განახევრდება, ზოგიერთ შემთხვევაში ორჯერ, სამჯერ შემცირდება“, – განაცხადა ვაშაძემ.