გიორგი ვაშაძე - რიონისა და ლეჩხუმის თითოეულმა მცხოვრებელმა უნდა მიიღოს სრული ინფორმაცია, რა სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის და კონკრეტულად მათთვის „ნამახვანჰესს“, ან რა საფრთხეებს უქმნით
„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე რიონის ხეობაში არსებულ პრობლემებსა და მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
გიორგი ვაშაძე საკუთარი პარტიის სახელით ადგილობრივ მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს და მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ მხედველობაში უნდა მიიღოს მოსახლეობის მოთხოვნები.
„მინდა გამოვეხმაურო „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ აქციას. 219-ე დღეა, რაც უწყვეტი პროტესტი გრძელდება რიონის ხეობაში. არ შეიძლება ამ ბრძოლამ, ამ გამძლეობამ ვინმე გულგრილი დაგვტოვოს. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვუდასტურებთ დიდ პატივისცემას პირადად ვარლამ გოლეთიანს და პროტესტის ყველა მონაწილეს. შესაბამისად, ხელისუფლებამ მხედველობაში უნდა მიიღოს ვარლამ გოლეთიანისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები. აუცილებელია, არა პოლიცია და სპეცრაზმი, არამედ დროული და ეფექტური ნაბიჯები მათთან დიალოგისთვის. ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით გვინდა განვაცხადოთ, რომ ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი და უპასუხისმგებლო პოპულიზმია, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ჰესები არ გვჭირდება. ჩვენი შეხედულებით, პრობლემის ფუნდამენტი მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ადგილობრივი ხალხის ინტერესებს, სრულიად ამოვარდნილია ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებისგან. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ან საკრებულომ უნდა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება მოსახლეობის ჩართულობით, ან ჩატარდეს ადგილობრივი პლებისციტი. რიონისა და ლეჩხუმის თითოეულმა მცხოვრებელმა უნდა მიიღოს სრულად ინფორმაცია, რა სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის და კონკრეტულად მათთვის ამ ჰესს, ან რა სახის საფრთხეებს უქმნის, და სრულფასოვანი ინფორმაციის შემდეგ, მათ – ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით და ამ გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს ხელისუფლებაც. ჩვენ – „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ, თუ სურვილი იქნება, ჩავერთოთ ამ დიალოგში და მოლაპარაკებებში“, – განაცხადა ვაშაძემ.