გიორგი ვაშაძე - რიგგარეშე სესია მოწვეულად ითვლება, რომელსაც საბოტაჟს უცხადებს „ქართული ოცნება“, კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს, როდესაც სხდომათა დარბაზში შესვლაზე უარი თქვეს
გიორგი ვაშაძე - რიგგარეშე სესია მოწვეულად ითვლება, რომელსაც საბოტაჟს უცხადებს „ქართული ოცნება“, კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს, როდესაც სხდომათა დარბაზში შესვლაზე უარი თქვეს

გასარუჯად წასულ „ქართული ოცნების“ წევრებს ვიღაცამ მათრახი გადასცხო, პარლამენტში შევარდეთ და ხალხს მაინც აჩვენოთ, ვითომ საქმეს აკეთებთო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური მხარეები ერთად უნდა დასხდნენ კომიტეტებსა და სესიებზე, რომელსაც საბოტაჟი და ბოიკოტი „ქართულმა ოცნებამ“ გამოუცხადა.

„ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს პარლამენტში რომ ვდგავართ, რიგგარეშე სესია მოწვეულად ითვლება, რომელსაც საბოტაჟს უცხადებს ჯერ კიდევ ამ ქვეყნის მმართველი „ქართული ოცნება“. როცა კონსტიტუციაზე საუბრობენ, სამწუხაროდ, კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს, როდესაც სხდომათა დარბაზში შესვლაზე უარი თქვეს. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ჩვენ იმას მივაღწიეთ, რომ შვებულებაში გასარუჯად წასული „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები უკან შემოვყარეთ და ერთმანეთს მაინც ელაპარაკებიან იმისთვის, რომ თქვენ კადრები გადაიღოთ. ერთი გადაწყვეტილება და ბწკარი მაინც მითხარით, რომელიც უკვე დაწერეს. 17 სამუშაო შეხვედრა გაიმართაო, არც ერთ ადამიანს არ ვიცნობ, რომელიც ამ 17 შეხვედრაზე იყო. ისეთი ინტენსიური გრაფიკი მაინც უნდა ჰქონდეთ, როგორიც ჩვენ გვქონდა. გასარუჯად წასულ „ქართული ოცნების“ წევრებს ვიღაცამ მათრახი გადასცხო, პარლამენტში შევარდეთ და ხალხს მაინც აჩვენოთ, რომ ვითომ, საქმეს აკეთებთო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.