გიორგი ვაშაძე - რეზოლუცია არის გზავნილი ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურებისთვის, დაიწყოს სანქციებზე მსჯელობა მათთან მიმართებაში, ვინც ცდილობს, საქართველო ევროინტეგრაციის გზას ააცილოს
გიორგი ვაშაძე - რეზოლუცია არის გზავნილი ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურებისთვის, დაიწყოს სანქციებზე მსჯელობა მათთან მიმართებაში, ვინც ცდილობს, საქართველო ევროინტეგრაციის გზას ააცილოს

რეზოლუცია არის გზავნილი ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურებისთვის, რათა დაიწყოს სანქციებზე მსჯელობა მათთან მიმართებაში, ვინც ცდილობს, საქართველო ევროინტეგრაციის გზას ააცილოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძე ამბობს, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შანსი დაკარგოს.

„რეზოლუცია არის კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი და კონკრეტული გზავნილი არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ და ქართული ხალხისთვის, არამედ ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურებისთვის, რომ უნდა დაიწყოს სწორედ სანქციებზე მსჯელობა, კონკრეტულად იძულების მეთოდებზე მსჯელობა იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც ცდილობს, ააცილოს საქართველო ევროინტეგრაციის გზას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ დავკარგოთ ეს ისტორიული შანსი და დავრჩეთ პირისპირ რუსეთთან. დააკვირდით კანონებსაც, რასაც ახლა აინიცირებენ. ნაბიჯებსაც, რასაც დგამენ, ყველაფერი არის მიზანმიმართულად ზუსტად იმავე სტრატეგიის გაგრძელება, რაც ჰქონდათ გასულ წელს, რომ არ გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი. ესაა რუსეთის ინტერესი. რუსეთის ინტერესია ისიც, რომ არ გახდეს საქართველოს ევროკავშირის წევრი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, 24 თებერვალს ბევრი შევიკრიბოთ, რომ ქართველი ხალხის მყარი პოზიცია ყველას ვაჩვენოთ, რომ არ დავკარგოთ ისტორიული შანსი. დანარჩენი კონკრეტული ნაბიჯები, ქმედებები, ჩვენი მხრიდან აუცილებლად იქნება გადადგმული“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.