გიორგი ვაშაძე - რეფერენდუმი ტარდება არა იმაზე, ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ გავუშვებთ თუ არა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან და ეს ფოკუსი აუცილებლად უნდა გავასწოროთ
რეფერენდუმი ტარდება არა იმაზე, ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, არამედ გავუშვებთ თუ არა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან და ეს ფოკუსი აუცილებლად უნდა გავასწოროთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავიშირებით ქვეყანაში პოლარიზაციას ხელს უწყობს.
„მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას უნდა გამოვეხმაურო. სამწუხაროდ, ეს კიდევ ხელს უწყობს პოლარიზებას ამ ქვეყანაში. არჩევნებზე, გარდა რეფერენდუმისა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის პოლიტიკური პოლარიზების დასრულება. ეს რეფერენდუმი ტარდება არა იმაზე, ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, არამედ გავუშვებთ თუ არა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან და ეს ფოკუსი აუცილებლად უნდა გავასწოროთ ამ არჩევნებზე. „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ მესამე ძალა, როგორც თავისუფალი პლატფორმა იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა, რომ თავად მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.
გუშინდელი განცხადების შემდეგ, ალბათ ყველაზე ბედნიერია „ქართული ოცნება“, რადგან დაიწყებს იმ სტანდარტულ კამპანიას, რომელიც არაერთხელ გვინახავს. ვნახავთ ბანერებს მიშას ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ნახავთ შემაშინებელ ძალიან ბევრ ფეისბუქ პოსტს, ნახავთ ძალიან ბევრ ჩასხმულ ფულს იმაში, რომ ხალხი ისევ შეაშინონ, მაგრამ მე გულწრფელად მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, მეგობრებო, უნდა შევცვალოთ ეს უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენ უნდა შევცვალოთ ის რეალობა, რაც ამდენი წელია არ გვაძლევს შესაძლებლობას, წინ წავიდეთ, არ გვაძლევს გასაქანს, წინ წავიდეთ. ქვეყანა არ არის არც ბიძინა და არც მიშა, არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“. საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს და ყველამ ერთად უნდა გავარღვიოთ ეს უბედური, მოჯადოებული წრე“, – აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია გადაიტანოს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხზე.
„ახლა არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“, მთლიანად კამპანია გადაიტანოს იმ საკითხზე, რაც გუშინდელი დღიდან დაიწყო და ფოკუსი უნდა გავასწოროთ იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება გადაუდებელი ცვლილებები, რათა ეკონომიკა განვითარდეს, რომ საქართველოს ქალაქები, რაიონები და სოფლები წინ წავიდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ სამუშაო ადგილი, გაიზარდოს შემოსავალი თითოეულ ოჯახში. თუ არ შევცვლით არჩევანს და მთლიანად იმ უსამართლო რეალობას, რაც დღეს ქვეყანაშია, სამწუხაროდ, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება.
„მესამე ძალა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გთავაზობთ, გავერთიანდეთ ქვეყნის აღმშენებლობის იდეის გარშემო, დავამთავროთ ეს პოლარიზება, ლანძღვა-გინება, ურთიერთდაპირისპირება, ქვეყნის შიგნით მტრის ხატის ძიება და მაქსიმალური კონცენტრაცია გავაკეთოთ საქმის კეთებაზე. სხვა გამოსავალი არ არის. რეფერენდუმი ძალაშია, ამ რეფერენდუმს ვერაფერი წაშლის. როგორც კი ვერ აიღებს 42%-ს „ქართული ოცნება“, მოუწევს აუცილებლად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ახლა ჯერი ჩვენზეა, უნდა გავერთიანდეთ საქართველოს წინსვლისა და ადამიანების ინტერესების გარშემო და არა პოლიტიკური თამაშების, ანგარიშსწორებების, რევანშების გარშემო. ერთმანეთის დაპირისპირება არ უნდა იყოს პოლიტიკური გზავნილი, მთავარია, დავდგეთ ერთად და გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში.
„ჩვენ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, ოღონდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.