გიორგი ვაშაძე - რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, მოლაპარაკებები როცა ასეთ რანგშია აყვანილი, ეს ნიშნავს, რომ უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ალტერნატიული წინადადება
რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და როცა ასეთ რანგშია აყვანილი მოლაპარაკებები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ალტერნატიული წინადადება, ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დრომდე ოთხპუნქტიან შეთანხმებაზე იყო საუბარი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით გამართული გუშინდელი შეხვედრის შემდეგ კი უკვე ექვსი პუნქტი განიხილება.
„რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და როცა ასეთ რანგშია აყვანილი მოლაპარაკებები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ალტერნატიული წინადადება. გახსოვთ, იყო ოთხ პუნქტზე საუბარი, უკვე არის ექვსზე. ევროკავშირის მხარემ თქვა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანა მუდმივად არ იყოს კრიზისში, არამედ გატარდეს ისეთი რეფორმა მართლმსაჯულებასა და ანტიკორუფციული მიმართულებითაც, რომ ამან შექმნას ფუნდამენტი გრძელვადიანი სტაბილურობისთვის. ჩვენ ამას დავეთანხმეთ.
არანაირი კონკრეტული წინადადება არც „ქართული ოცნებიდან“ და უკვე მედიატორისგან არ მომისმენია. განხილვა იყო იმ ჩარჩოსა და ფორმატზე, რა ფორმატზეც ვმსჯელობთ – ექვსი პუნქტი და ფორმატი, რომელშიც ევროკავშირის მხარე იღებს მედიაციის როლს და არა ფასილიტაციის. ფორმატი, რომელიც ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირის პრეზიდენტი თვითონ ერთვება საკითხის გადაწყვეტაში. ამ საკითხებში იცით, რომ პარლამენტში ძალთა გადანაწილება დამატებულია. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვინც არ უნდა იყოს ოპოზიციაში, მას ჰქონდეს გარანტია, რეალურად ის ფუნქცია შეასრულოს, რასაც ოპოზიცია უნდა ასრულებდეს. სასამართლოს საკითხი დამატებულია, გარდა ამისა, საარჩევნო რეფორმის საკითხი არის, რომელზეც ჩვენ ვმსჯელობდით. შეთანხმება არა ერთ ან ორ რომელიმე საკითხზე, არამედ ყველა პუნქტთან მიმართებაში უნდა მოხდეს. შეთანხმების გარეშე პარლამენტში შესვლაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისვე თქმით, შეთანხმების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებია განსახორციელებელი, რასაც ოპოზიციის ხმებიც სჭირდება.
„რა თქმა უნდა, ამას ჩვენი ხმებიც სჭირდება. არ ვაპირებ, გიჟის პოზიცია დავიჭირო და ვთქვა, არა, მაინც არ შევალ და არ ვიზამ, საერთოდ არ მაინტერესებს პარლამენტში ჯდომა, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ჩემს თავს სხვაგან ვხედავ. პირდაპირ გეუბნებით, აღმასრულებელი მიმართულებით ვხედავ, რადგან ჩემი მოწოდებაა დღე და ღამე საქმის კეთება, სირბილი საქართველოში, მსოფლიოში, რომ განვავითაროთ, წინ წავიყვანოთ, ეკონომიკა ავწიოთ, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, ფუნდამენტი ჩავასხათ. ფუნდამენტის ჩასხმისთვის კი საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო. ექვსივე საკითხზე თუ არ იქნება შეთანხმება, მაშინ ჩვენ პარლამენტში ვერ შევალთ.
დღეს რომ გვეუბნება „ქართული ოცნება“, ჩემთვის რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზიაო, ერთ-ერთი პუნქტი სწორედ რიგგარეშე არჩევნებია. ამასთან დაკავშირებით მარჯვნიდან, მარცხნიდან, თუ ირიბად უნდა მოხდეს შეთანხმება. რა იქნება ეს შეთანხმება, მეც არ ვიცი. სიტყვა – „წითელი ხაზი“ არც ერთი მხრიდან არ ყოფილა. ჩვენ ვთქვით, პრიორიტეტულია, რომ პოლიტპატიმრები ციხეში არ უნდა ისხდნენ და ხვალ, ზეგ არ გვეშინოდეს, ვინმეს კიდევ ჩასვამენ. მეორე, ტარდებოდეს ნორმალური არჩევნები“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე შარლ მიშელის მხრიდან კომპრომისისკენ მოწოდება იყო ორივე მხარისთვის.
„ღარიბაშვილის მხრიდან ნამდვილად იყო ნახსენები საგამოძიებო კომისია, თუმცა ამ საკითხზე თვითონ შარლ მიშელსაც არ გაუმახვილებია ყურადღება. პირიქით, თქვა, რომ ახლა შინაარსზე არ ვმსჯელობთო. კაცი პრემიერი იყო და დღეს 27 ქვეყანას წარმოადგენს, როცა ის ესაუბრება ქართულ მხარეს, ნიშნავს, რომ საქართველოს განიხილავს პოტენციურ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ. კომპრომისისკენ მოწოდება იყო ორივე მხარისთვის. უნდა ვიყოთ მზად, ადეკვატური კომპრომისისთვის. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს წითელი ხაზებით საუბარი. უფრო მეტი კომპრომისი მოუწევს „ქართულ ოცნებას“, რადგან ორ პუნქტთან მიმართებით დღემდე წითელი ხაზებით გვესაუბრებიან. მაგრამ, რაც შეეხება ჩვენს კომპრომისს, რომელიც ჰიპოთეტურად ჯერ არ დადებულა მაგიდაზე, როგორ გითხრათ ჩემი პასუხი. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო, რომ არის ზედაძაბული ვითარება, უახლოეს თვეებში შესაძლოა, ბევრი რამ რეგიონში სხვაგვარად განვითარდეს. მნიშვნელოვანია, დროულად აღმოიფხვრას პოლიტიკური კონფლიქტი, რომ მზად ვიყოთ სერიოზული გამოწვევებისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.