გიორგი ვაშაძე - რაც გუშინ პარლამენტში და ქუჩაში ხდებოდა, ავტორიტარიზმისკენ სვლაა, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ დიდი ფიასკოთი დასრულდება
ჩვენ გუშინ ვნახეთ ხელისუფლება, რომელსაც სრულიად გამოცლილი აქვს ხალხის მხარდაჭერა. ალბათ ყალბი ტაში, რომელიც დინამიკებზე ჰქონდათ ჩაწერილი, იძულებით მიყვანილი ხალხი, მათ ჩამოყვანაზე დახარჯული მილონები, ნათელი დადასტურებაა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის სახით არაფერი შერჩენია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი შეუმდგარი დიქტატორია, რომელმაც მთელი თავისი გამოსვლა მუქარას დაუთმო, ემუქრებოდა ქართველ ხალხს, ახალგაზრდებს, ყველას, ვინც მის აზრს არ ითვალისწინებს.
„გუშინ ვნახეთ ხელისუფლება, რომელსაც სრულიად გამოცლილი აქვს ხალხის მხარდაჭერა. ალბათ ყალბი ტაში, რომელიც დინამიკებზე ჰქონდათ ჩაწერილი, იძულებით მიყვანილი ხალხი, მათ ჩამოყვანაზე დახარჯული მილონები ნათელი დადასტურებაა, რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“, მათ არაფერი შერჩენიათ მხარდაჭერის სახით. ეს არის ხელისუფლება, რომლის მოშორება ჩვენი, ყველას საერთო ამოცანაა. ბიძინა ივანიშვილი შეუმდგარი დიქტატორია, რომელმაც მთელი თავისი გამოსვლა მუქარას დაუთმო. ემუქრება ქართველ ხალხს, ახალგაზრდებს, ყველას, ვინც მის აზრს არ ითვალისწინებს. ამით კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატა ის ამოცანა, რომ სწრაფად უნდა მოვაშოროთ ქვეყანას, რომ ევროკავშირისკენ წავიდეთ, განვვითარდეთ და წინ წავიდეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, გუშინ სცენიდან ღარიბ და გაჭირვებულ ადამიანებს ზემდიდარი ელიტა მიმართავდა.
„გუშინდელი დღე საბოლოო სიტყვა იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, მხარდაჭერა არც მათ და არც მათ რუსულ კანონებს არ აქვთ. თუ შევადარებთ 29 და 28 რიცხვს, 28-ში ქართული, ეროვნული ღირსების ზეიმი იყო, გუშინ კი გამდიდრებული ელიტის ბოლო გაბრძოლება, რომელსაც ჩვენ დავასრულებთ. ივანიშვილი აბსოლუტურად ყველას ემუქრებოდა. მან თქვა, არა – ევროკავშირს, კი – ბიძინას. მისი საგარეო და საშინაო კურსი ბიძინა ივანიშვილია და ამბობს, რომ ქვეყანამ მხოლოდ ეს ადამიანი უნდა აქოს და ადიდოს, რომელიც რეალობას სრულიად მოწყვეტილია და ძალიან სუსტია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, როგორ შეიძლება საქართველო ევროკაშირში ბიძინა ივანიშვილის პირობებში 2030 წელს შევიდეს.
„კაცი პირდაპირ ამბობს, ევროპა ჩემი მტერიაო, რანაირად შეიძლება, მტერს გაუერთიანდე? გუშინ ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ყველა ჩვენი მტერია, მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იცის, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაშიო. მის პირობებში ქვეყანა არათუ შევა ევროკავშირში, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მკაფიოდ ამბობენ, რომ რაც მოპოვებული გვაქვს, იმასაც დავკარგავთ. შეიძლება საფრთხე დაემუქროს უვიზო მიმოსვლას, შეიძლება საფრთხე დაემუქროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს და იმ დიდ ფინანსურ მხარდაჭერას, რასაც ევროკავშირის მხრიდან ვიღებთ. ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ ივანიშვილი სუვერენიტეტი არ არის. რაც გუშინ პარლამენტში და ქუჩაში ხდებოდა, ეს არის ავტორიტარიზმისკენ სვლა, რომელიც მათთვის დიდი ფიასკოთი დასრულდება. ვინც მას არ ეთანხმება, ყველა ყოფილა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის მისი გზავნილი. ივანიშვილი ცრუ დილემებს უსახავს საზოგადოებას, უნდა, განვითარების ფაზას აგვაცდინოს. ახლა ჯერი ჩვენზე და ჩვენს ერთიანობაზეა. ეს ნარატივი, უკვე 12 წელია, გვესმის. რა მიიღო ხალხმა?! საქართველოს ძარცვის მანქანა, კორუფცია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.