გიორგი ვაშაძე - ქვეყნის პრემიერობა იმას კი არ ნიშნავს, ბევრი ლაილაი იყოს ტელევიზორში, ეს ნიშნავს ხალხზე ზრუნვას და გაჭირვებული ადამიანების დახმარებას
ქვეყნის პრემიერობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ბევრი ლაილაი იყოს ტელევიზორში, ეს ნიშნავს ხალხზე ზრუნვას და გაჭირვებული ადამიანების დახმარებას, – ამ სიტყვებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოსახლეობის გაჭირვებაზე ისაუბრა.
მან მთავრობას მოუწოდა, წარადგინოს კონკრეტული გეგმა, როგორ აპირებს უსახსროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას.
„ქვეყანაში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა. ხალხი სასოწრკვეთილებაშია, აღარ იცის, როგორ გადაიხადოს საბანკო სესხები, ლარის კურსი ეცემა, მასობრივად მიმდინარეობს ქონებების გადაფორმება მიკროსაფინანსოების თუ საბანკო დაწესებულებების მხრიდან. ამ პირობებში გახარია და მთავრობა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. გეკითხებით სად არის გეგმა და სტრატეგია? საიდან გადაიხადოს ხალხმა ეს ფული? 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა, მცირე და საშუალო ბიზნესი ტოტალურად გაჩერებულია და უმძიმეს მდგომარეობაშია, თქვენ კი არაფერს აკეთებთ. 45 მლნ ლარი ხომ მოძებნეთ თქვენი მეგობრებისთვის ანგარიშზე გადასარიცხად და შემდეგ ეს ფული თქვენსავე პარტიაში შემოწირულობად დაიბრუნეთ. თქვენ ხომ მოძებნეთ ფინანსური სახსრები იმ უძრავი ქონების კომპანიებისთვის, სადაც თქვენი პარლამენტის წევრები არიან მეპატრონეები? რატომ არც ერთი თეთრი არ მოიძებნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასეთ მძიმე ვითარებაში არიან? ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ჩვენი გეგმა და სტრატეგია გვაქვს, სად არის თქვენი გეგმა? რას აპირებთ? ხომ არ შეიძლება ხალხის ბედის ანაბარა მიტოვება? ტოტალურად ხდება ქონებების გადაფორმება საქართველოში საფინანსო დაწესებულებების მხრიდან და ეს ხალხი ქუჩაში, რომ დარჩება ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ? საერთაშორისო დონორი თუ საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან 5 მლრდ დახმარება მივიღეთ, რატომ არ მიდის არც ერთი თეთრი ამ ადამიანების დასახმარებლად? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მავნებლური დამოკიდებულება თქვენი მხრიდან?“, – განაცხადა ვაშაძემ.
მან პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დებატებში გამოიწვია.
„ბატონო გახარია ტელევიზორში, რომ კეკლუცობთ, მედიაშიც ნორმალურად არ ჩნდებით და კითხვებზე პასუხებს არ სცემთ, ეს არ შეიძლება. ქვეყნის პრემიერობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ბევრი ლაილაი იყოს ტელევიზორში, ეს ნიშნავს ხალხზე ზრუნვას და გაჭირვებული ადამიანების დახმარებას. როცა დებატებზე ვსაუბრობ, დიახ დებატებში უნდა გამოხვიდეთ და ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა და მოქმედი პრემიერს ანტიკრიზიული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, საქართველოში მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა სომხეთთან შედარებით სამჯერ მეტია.
„ნუთუ მართლა შიმშილისთვის გინდათ გაწიროთ ადამიანები? საქართველოში 8.2 პროცენტამდე გაიზარდა მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა, რეგიონში ყველაზე მაღალი ციფრი გვაქვს, სამჯერ მეტი, ვიდრე სომხეთში და არაფერს აკეთებთ, რადგან თქვენ საჭმელიც გაქვთ, სასმელიც, შემოსავალიც და ბიუჯეტის ფულსაც კარგად ირიცხავთ. რას აპირებთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ასობით ათასი ოჯახის დასახმარებლად? კონკრეტული გეგმით გამოდით და ამ საკითხზე გვიპასუხეთ, “ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.