გიორგი ვაშაძე - ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა, სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, მაქსიმალურად გავზარდოთ ტესტირებულთა და ვაქცინირებულთა რაოდენობა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით უმძიმესი ვითარებაა შექმნილი, რასაც სისტემური და კომპლექსური მართვა სჭირდება.
„ქვეყანაში კოვიდთან დაკავშირებით უმძიმესი ვითარებაა. დღეს კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა და ვუთანაგრძნობ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, ძალიან კარგად მესმის, რამხელა ტკივილია, რადგან მე მამა დავკარგე კოვიდდაავადებისგან. ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა. სამწუხაროდ, ის, რაც ხდება, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეფასდება, რომ რამის მართვა ან ორგანიზებაა მიმდინარეობს. სამწუხაროდ, გვაქვს ქაოსი და ასეთ მძიმე ვითარებას სჭირდება სისტემური და კომპლექსური მართვა, დიახ, ანტიკრიზისული მართვა, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად გამოგვიყვანს მდგომარეობიდან და რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლეები. სამედიცინო პერსონალი უმძიმეს მდგომარეობაშია, წელიწადზე მეტია, 24/7-ზე რეჟიმში მუშაობენ და მართლაც გმირობაა ის, რასაც ექიმები უძლებენ, ვფიქრობ, მათ ყველამ დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძე აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში რეგულაციების გამკაცრებაში ხედავს, ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია უფასო ტესტირება ყველა მოქალაქისთვის და ვაქცინაციაზე მეტად ხელმისაწვდომობა.
„სამწუხაროდ, გამოსავალი არის ერთადერთი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინიმუმ ორი კვირის მანძილზე უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, რომ შეწყდეს ქვეყანაში გადაცემის ჯაჭვი და ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, გაფართოვდეს ვაქცინაციის შესაძლებლობა და ხელმისაწვდომობა, გაფართოვდეს ტესტირების შესაძლებლობა, უფასო ტესტირება უნდა იყოს შესაძლებელი ყველა მოქალაქისთვის, რათა დროულად მოხდეს ინფიცირებულთა გამოვლენა.
ვიდრე ჩვენ ორჯერ ვაქცინირებულით არ მივაღწევთ მოსახლეობის დაახლოებით 60-პროცენტიან ნიშნულს, სამწუხაროდ, მანამდე ძალიან რთული იქნება რეგულაციების მოხსნა, რადგან გვაქვს ფატალური ვითარება ქვეყანაში. მსოფლიოში ყველაზე მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი მოსახლეობასთან მიმართებაში არის საქართველოში. რატომ მოხდა ეს ყველაფერი, მოხდა იმიტომ, რომ დაგვიანდა ვაქცინის შემოტანა, დაგვიანდა ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა.
ხშირად საუბრობენ, თითქოს ანტივაქსერების ბრალია ეს ყველაფერი, ამას ვერ დავეთანხმები, რადგან მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს დაახლოებით 20% მოსახლეობის, რომელიც უარს ამბობს ვაქცინაციაზე და კრიტიკული მასა არის 60-70%. თუ ისინი არიან ორჯერადად აცრილები, შესაბამისად ამ ქვეყნებში კოვიდის გავრცელება ისე ინტენსიურად აღარ ხდება. ყველას მოვუწოდებ, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია, მაგრამ თვითონ ვაქცინაციასთან მიმართებაში არსებობს ასევე დიდი პრობლემები მენეჯმენტის კუთხით, ხელმისაწვდომობა, არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ ვაქცინაციის პუნქტებამდე მივიდეს ხალხი, ჩავკეტეთ ტრანსპორტი, მაგრამ არაფერი ხდება ხელისუფლებისგან იმ მძიმე დარღვევებზე, რომლებიც რეგულაციების კუთხითაა. ნებისმიერი კვლევით ტრანსპორტი არის ვირუსის ყველაზე ნაკლებ გადამცემი ადგილი. აუცილებელია, რომ ელემენტარულად ადამიანმა ტესტი ჩაიტაროს, ვაქცინა გაიკეთოს. უსისტემობის მსხვერპლია საქართველო და მსხვერპლი არიან ის ადამიანები, ვის სიცოცხლეებსაც ჩვენ ვკარგავთ. როცა კოვიდის ნაკლები მაჩვენებელი იყო, მაშინ უამრავი რეგულაცია გვქონდა, როცა ასე გაიზარდა მაჩვენებელი, დღეს რეგულაციები, ერთი მხრივ, ძალიან ცოტაა და, მეორე მხრივ, არ ხდება ზედამხედველობა. ვფიქრობ, ამას სჭირდება პროფესიონალური, სისტემური მიდგომა და ორი კვირა მაქსიმალურად შეზღუდვები უნდა გავამკაცროთ, მაქსიმალურად გავზარდოთ ტესტირებულთა და ვაქცინირებულთა რაოდენობა და ამის შემდეგ ვიფიქროთ გახსნაზე. აქვე ვიტყვი, რომ წარმოუდგენელია, ამ ვითარებაში სკოლებმა დაიწყონ ფუნქციონირება, რადგან დასავლური კვლევებით სასწავლო დაწესებულებები ერთ-ერთი ყველაზე გადამდები წერტილებია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.