გიორგი ვაშაძე - ქვეყანაში აღარ არის ინსტიტუციები, საქმეების გამოძიება რომ მოვითხოვოთ, ვის უნდა მოვთხოვოთ
ქვეყანაში აღარ არის ინსტიტუციები. რომ მოვითხოვოთ საქმეების გამოძიება, ვის უნდა მოვთხოვოთ, რომელ პროკურატურას, რომელ სამართალდამცავ უწყებებს, რომელ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც თურმე პირადად იღებს ამ ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას, – ამის შესახებ მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი ვაშაძემ „რუსთავი ორისა“ და „იბერიას“ ეთერში გასულ ჩანაწერებსა და ამ თემაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებზე ისაუბრა.
„დღეს 2018 წლის პირველი ოქტომბერია. 2012-ში ხელისუფლების ცვლილებიდან ექვსი წლის თავზე ჩვენ დავდექით უკიდურესად მძიმე სურათის წინაშე, სადაც ერთადერთი საფიქრალი გვაქვს, რომ საქართველო გადასარჩენია, ქვეყანა გადასარჩენია. ჩვენ დღეს, გუშინ, ამ დღეებში დავინახეთ, რომ ქვეყანას მართავს მაფიოზირ-ქურდულ-ოლიგარქიული კლანი. ადამიანების კასტა, რომელსაც არ აინტერესებს სახელმწიფო, არ აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე ბიზნესთან, გადავიდა ძალადობაზე თავისუფალ ადამიანებთან. ეს არის, მეგობრებო, უკიდურესად მძიმე სურათი, რაც დღეს დილას ვიხილეთ. სრული თავისი გამოხატულებით მთელი ეს მაფიოზური ჯგუფი, ქურდული ჯგუფი, რომელიც დაეპატრონა საქართველოს და რომელიც გადავიდა პირდაპირ შანტაჟზე და აგრესიაზე. ამ ჯგუფის სათავეში არის ივანიშვილი, რომელიც თურმე პირადად აწყობს გარჩევებს, თურმე პირადად არის დაკავებული ამ ყველაფრით ისევე, როგორც მის მენტალობაში ქურდულ სამყაროში იქცევიან. საქართველოს მართავს კანონიერი ქურდი ბიძინა ივანიშვილი მის დაჯგუფებასთან ერთად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში აღარ არის ინსტიტუციები.
„რომ მოვითხოვოთ ამ საქმეების გამოძიება, ვის უნდა მოვთხოვოთ, რომელ პროკურატურას უნდა მოვთხოვოთ, რომელ სამართალდამცავ უწყებებს უნდა მოვთხოვოთ, რომელ შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა მოვთხოვოთ, რომელიც თურმე პირადად იღებს ამ ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას. გადასარჩენია ქვეყანა და ყველა უნდა გავერთიანდეთ. დიახაც, აქ უპირისპირდება ორი რამ ერთმანეთს. ერთი არის მაფიოზურ-კლანური დაჯგუფება და მეორე არის თავისუფალი ადამიანები. ერთი არის ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ საბოლოოდ მოასხდნენ ამ ქვეყანას თავზე და მეორე არის ადამიანები, ვისაც უნდათ, რომ თავისუფლად ქვეყანამ გააგრძელოს განვითარების გზა. ეს არჩევანი გვაქვს ჩვენს წინაშე“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, 28 ოქტომბერს არის გადამწყვეტი არჩევნები.
„არჩევნები იმისთვის, რომ საქართველოს ისტორიაში ერთხელ და სამუდამოდ ყველა ადამიანმა იცოდეს, არავის გაუვა ქვეყნის საკუთარ თავზე გადაფორმება. არავის გაუვა ასეთი ძალადობა, რომელიც დღეს ხდება ქვეყანაში. ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოეხადა მართლაც მაფიოზურ ჯგუფს, დღეს დილით გამოდიან და გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. მეგობრებო ამ მტკიცებულებებს თქვენ ვერ გაანადგურებთ. ეს არის მილიონების ძალადობით გადარიცხვის დამადასტურებელი ასობით მტკიცებულება და ფაქტი, რომელიც თქვენი, ბატონო ბიძინა, პირადად თქვენი დავალებით არის გაკეთებული ამ კონკრეტულ შემთხვევაში და აუცილებლად მიიღებთ ამ ყველაფერზე პასუხს. გავერთიანდეთ, ყველა ერთად დავდგეთ და მშვიდობიანად გაუშვათ ეს ადამიანები მოუსავლეთში, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ ის კატასტროფა, რაც დღეს ხდება ქვეყანაში. 15:00 საათზე ჩვენ გადავდივართ საგანგებო სამუშაო რეჟიმში და „ძალა ერთობაშიას“ ექნება კიდევ დამატებითი განცხადება დღეს, სადაც გაგაცნობთ ჩვენ სამოქმედო გეგმას და კონკრეტილულ ნაბიჯებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.