გიორგი ვაშაძე - ქუთაისი IT ქალაქი უნდა გახდეს, უნდა დაიწყოს მიკროსქემებისა და ჩიპების წარმოება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქუთაისში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად მიკრო სქემებისა და ჩიპების წარმოებას მოიაზრებს და მიაჩნია, რომ ქუთაისი სულ მალე IT ქალაქი გახდება, რაც ახალგაზრდა თაობას მისცემს სრულიად სხვა დასაქმების შესაძლებლობებს.
„ქუთაისი IT ქალაქი უნდა გახდეს. უნდა დაიწყოს მიკროსქემებისა და ჩიპების წარმოება, რაც თანამედროვე განვითარებისთვის ძალიან დიდ შესაძლებლობას შექმნის. ჩვენთვის ძალიან ბევრ ცნობილ IT კომპანიებთან ერთად დავიწყებთ წარმოებას, რომელიც ახალგაზრდა თაობას მისცემს სრულიად სხვა დასაქმების შესაძლებლობას. ქუთაისი – IT ქალაქი ნიშნავს იმ თანამედროვე პროდუქტების წარმოებას, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოს მისცემს შესაძლებლობას რეგიონის ტექნოლოგიური ქვეყანა გახდეს. „მაიკროსოფტი“ (Microsoft), „აიპიემი“ (IPM), „ფეისბუქი“ (FACEBOOK), „გუგლი“ (Google) და ა.შ. მათი რეგიონული ოფისები უნდა იყოს საქართველოში. მე პირობას გაძლევთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქნებით ტექნოლოგიური განვითარების ავანგარდში. ქუთაისი IT ქალაქის სტატუსს დაიმკვიდრებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.