გიორგი ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ევროინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო ღრმა საბოტაჟში შევიდეს
მარცხისთვის განწირული რუსული ჭაობისკენ არის გზა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, ჩვენ ამ რელსებიდან გადახვევას არ დავუშვებთ, „ქართულ ოცნებას“ და რუსეთს არ ჩავაბარებთ ქვეყანას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან.
„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ევროინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო ღრმა საბოტაჟში შევიდეს და ფორსირებული რეჟიმით უნდა, მიიღოს ე.წ. აგენტების შესახებ კანონი, რომელზეც ბორელიდან დაწყებული, გაერო-თი გაგრძელებული და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტით დამთავრებული, ევროკომისია, ელჩები, ევროპარლამენტარები, აბსოლუტურად ყველა ამბობს, რომ შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ევროკავშირის წევრობა სტატუსის გარეშე არ არსებობს. სამწუხაროდ, საქმეს, რომელიც გვქონდა, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად კიდევ უფრო გვირთულებს. „ქართული ოცნება“ ასრულებს პირდაპირ დავალებას რუსეთიდან. რუსეთის ინტერესია, საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, უარი თქვას ნატო- ში გაწევრიანებაზე და იმ მარცხის პირობებში, რომლისთვისაც განწირულია უკრაინის ფრონტზე, გაასაღოს ეს მცირე წარმატებად პუტინის დაჯგუფებამ, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია. მარცხისთვის განწირული რუსული ჭაობისკენ არის გზა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. ჩვენ ამ რელსებიდან გადახვევას არ დავუშვებთ, „ქართულ ოცნებას“ და რუსეთს არ ჩავაბარებთ ამ ქვეყანას. ეს არის თავიდან ბოლომდე რუსული ინიციატივები საქართველოს პარლამენტში, კანონთა წყება, რომელიც ახლა პარლამენტშია, არის გზავნილი, რომ უკან უნდა დაგვაბრუნონ საბჭოთა კავშირში. საქართველოში საბჭოთა კავშირი და რუსეთი არ იქნება და ეს გზავნილი ქუჩაში გამოსულმა ათობით ათასმა ადამიანმა გაუგზავნა ივანიშვილ-კობახიძე- ღარიბაშვილებს, რომლებსაც უნდათ, აგვაცდინონ ევროპულ გზას“, – განაცხადა ვაშაძემ.