გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელს მინდა, ვუთხრა, ეიფორიაში ნუ ჩავარდებით, ნუ გგონიათ, რომ სააკაშვილის წამება ვინმეს შეგრჩებათ
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელს მინდა, ვუთხრა, ეიფორიაში ნუ ჩავარდებით, ნუ გგონიათ, რომ სააკაშვილის წამება ვინმეს შეგრჩებათ

მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმეს მდგომარეობაში, ყველა სპეკულაცია ამ საკითხზე, მგონი, უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, დანაშაულებრივი იყო გუშინ იუსტიციის მინისტრის განცხადება, თავისივე შემოგდებულ საკითხებზე რაღაც რეანიმაციის თემებით სპეკულირება.

„მე პირდაპირ გეუბნებით, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ველოდები უახლოეს მომავალში ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორც ევროპის, ასევე აშშ-ს მხრიდან, როგორც ვიცი, ამაში პირდაპირ ჩართულია პერსონალურად პრეზიდენტი ზელენსკი და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები იქნება, რომელიც აიძულებს „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და მაქსიმალურად აქტიურები, რომ დავიხსნათ მისი სიცოცხლე, პირდაპირ გადაწყვეტილი აქვს „ქართულ ოცნებას“, რაც შეიძლება მალე სიცოცხლეს გამოასალმოს მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგანგებო სხდომის ჩანიშვნა ნამდვილად იშვიათი პრეცედენტია.

„ეს მხოლოდ დებატები არ იქნება, ამ დებატებს მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები როგორც ევროკავშირის, ასევე, როგორც ვიცი, აშშ-ს მხრიდანაც. დაველოდოთ, წინასწარ ნამდვილად არ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ დებატები არ იქნება მხოლოდ დებატები. მინდა, „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელს, ადამიანებს, ვინც ამ დანაშაულებს ასრულებენ პოლიტიკური ლიდერების დავალებით, მოვუწოდო და ვუთხრა, ეიფორიაში ნუ ჩავარდებით, ნუ გგონიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის წამება, მისი ამ არაადამიანურ მდგომარეობაში ყოფნა ვინმეს შეგრჩებათ, მათ შორის იმ მოსამართლეებსაც ვეუბნები, რომელიც ღიად და პირდაპირ პოლიტიკურ დავალებას ასრულებენ. სააკაშვილზე გაცილებით ნაკლები სიმძიმის ავადმყოფობის პირობებში ადამიანებისთვის სასჯელის გადავადება ხდება, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ, უბრალოდ, პროცესი იწელება და უნდათ, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ მის ჯანმრთელობას“, – განაცხდა ვაშაძემ.