გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან უნიათო მცდელობაა, აჩვენოს, ვითომ ვინმე უჭერს მხარს
„ქართული ოცნება“ დარჩენილია რამდენიმე ათეული ათასი იძულებით ჩამოყვანილი საჯარო მოხელეს იმედად, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მალე დაამთავრებს საკუთარ თავს და საკუთარ მმართველობას”
„ყველამ იცის უკვე საქართველოში, რომ მასწავლებლები, მეხანძრეები აღარ დატოვეს რეგიონებში. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ სადმე ხანძარი მოხდეს, ალბათ, ხანძრის ჩამქრობი აღარავინ იქნება. აღარ დატოვეს სასწრაფოში მომუშავე ექიმები და მასიურად მოჰყავთ თბილისში. კიდევ კარგი, რომ დღეს სწავლა არ არის, თორემ მთელ საქართველოში მოსწავლეები დარჩებოდნენ გაცდენილი გაკვეთილებით. დასასუფთავებელი რამე თუ გახდა, იცოდეთ, რომ დღეს ნაგავს ვერავინ გაიტანს ვერც ერთ რაიონში, რადგან დასუფთავების სამსახურის ყველა თანამშრომელი ჩამოყვანილი აქ. თუ საზოგადოებრივი მართლწესრიგი იქნა სადმე დასაცავი, ვერავინ დაიცავს, რადგან ყველა ჩამოყვანილია თბილისში. ეს არის რაღაც უნიათო მცდელობა „ქართული ოცნების“, რომ აჩვენოს, ვითომ ვინმე უჭერს მხარს. ასე იძულებით ჩამოყვანილი ხალხის იმედად დარჩენილი “ქართული ოცნება” მალე დაამთავრებს საკუთარ თავს და საკუთარ მმართველობას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.