გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ თავისი დაპირებებით ვერ გადაფარავს იმ ზიანს, რაც ჩვენს მოქალაქეებს მიაყენა
„ქართული ოცნება“ თავისი დაპირებებით ვერ გადაფარავს იმ ზიანს, რაც ჩვენს მოქალაქეებს მიაყენა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.
ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მოტყუების მცდელობაში ადანაშაულებს.
„დამსხვრეული ოცნებების“ პარტია კიდევ ერთხელ ცდილობს, მოატყუოს ჩვენი საზოგადოება. მათ არ შეუძლიათ თავიანთი გაკეთებული საქმეებით მიიმხრონ ამომრჩეველი. შესაბამისად, არ არსებობს არც ერთი მიზეზი, რის გამოც ხალხმა მათ უნდა დაუჭიროს მხარი. გაღარიბებულ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ბევრი საქმეა დაწყებული ქვეყანაში, ეს არის მოსახლეობის დაცინვა.
არც ერთი ჩვენგანი არ არის სულელი, რვაწლიანი დაპირებების შემდეგ „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ მთლიანად დაკარგა ქართველი ხალხის ნდობა. გაზრდილი ფასები და შემცირებული შემოსავლის მქონე მოსახლეობა დღეს შიმშილს ებრძვის, ხოლო „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის ლიდერები არ წყვეტენ, ამ უმძიმეს ვითარებაშიც კი, საკუთარ ჯიბეებზე ფიქრს კორუფციული გარიგებებით. „ქართული ოცნება“ თავისი დაპირებებით ვერ გადაფარავს იმ ზიანს, რაც ჩვენს მოქალაქეებს მიაყენა.
მინდა, მივმართო მთავრობას, თქვენი დრო ამოიწურა. საკმარისია საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდება თქვენი ტყუილი დაპირებებით, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი, მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში აგრძელებს ცხოვრებას „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები კი, ამ ფონზე მდიდრდებიან.
გპირდებით, რომ 31 ოქტომბერს დავასრულებთ „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას. მჯერა, რომ ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ქვეყანა აღმშენებლობის გზას დაადგება“, – გიორგი ვაშაძე