გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი შანსი, მოუსმინოს ხალხს, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრ პასუხს მიიღებს არჩევნებზე
„ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი შანსი მოუსმინოს ხალხს, დასავლელ პარტნიორებს, წინააღმდეგ შემთხვევაში რაც უფრო ჯიუტად, უდიერად მოექცევა საქართველოსა და ქართველ ხალხს, მით მკაცრ პასუხს მიიღებს არჩევნებზე, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციას 4 თებერვალს დაგეგმილი აქვს მშვიდობიანი საპროტესტო ღონისძიება პარლამენტის სესიის დაწყების პარალელურად.
„ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, არ ვართ დამოკიდებულები არც თალაკვაძეებზე, არც კალაძეებზე, არც გახარიებზე, არც ივანიშვილზე, საქართველოს ბედი ვერ იქნება ამ ხალხზე ჩამოკიდებული. ოპოზიციას გვაქვს ჩვენი სამოქმედო გეგმა – ჯიუტად, უნამუსოდ მოიქცევიან და გააგრძელებენ ხალხის მოტყუებას? კიდევ უფრო მკაცრ პასუხებს მიიღებენ ჩვენგან. წელს არის საპარლამენტო არჩევნები და საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი გადაწყვეტს ორ რამეს შორის – უპერსპექტივობა თუ დიდი პერსპექტივა. რაც შეეხება მათ, კიდევ ერთხელ ვეუბნები: ყეყეჩურ და ყელმოღერებულ განცხადებებს თავი დაანებეთ. გირჩევთ, გონს მოეგოთ, გაითვალისწინოთ ის, რასაც მარტო ჩვენ, მარტო ქართველი ხალხი კი არა, მთელი ცივილიზებული სამყარო გეუბნებათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.