გიორგი ვაშაძე პროდასავლურ პარტიებს გაერთიანებას და ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის პრაიმერის გზით გამოვლენას სთავაზობს
მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პროდასავლურ პარტიებს გაერთიანებას და ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის პრაიმერის გზით გამოვლენას კიდევ ერთხელ სთავაზობს.
მისი თქმით, კვლევის გუშინ გამოქვეყნებულმა შედეგმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 62 პროცენტი მხარს უჭერს ოპოზიციის გაერთიანებას და ოპოზიციის ერთიან კანდიდატს.
„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ „ძალა ერთობაშია“, სადაც უკვე შედის 11 სუბიექტი. თუმცა დღეს კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს, მოდით, დავდგეთ ყველა ერთად და დავიწყოთ ხელისუფლების ცვლილების პროცესი. ხალხს ყელში ამოუვიდა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, გაჭირვება, უმუშევრობა, პრობლემები და საზოგადოება ითხოვს, ჩვენ ყველანი დავდგეთ ერთად“, – განაცხადა მან.
ვაშაძის თქმით, განსხვავებული მოსაზრების შემთხვევაში, კანდიდატი პრაიმერის გზით გამოვლინდება.
„თუ თქვენ გაქვთ განსხვავებული მოსაზრება საპრეზიდენტო კანდიდატთან მიმართებაში, მზად ვართ, პრაიმერის მექანიზმით თქვენთან ერთად გამოვარჩიოთ საუკეთესო კანდიდატი, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს 28 ოქტომბერს არჩევნებში“, – განაცხადა ვაშაძემ
რაც შეეხება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც წინასაარჩევნო შეხვედრებს უკვე მართავს, გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია, მაგრამ, სასურველია, გაერთიანებასთან დაკავშირებით ყველამ თავისი პოზიცია დააფიქსიროს.
„ჩვენ იმისთვისაც კი მზად ვართ, განვიხილოთ ყველაზე დემოკრატიული მექანიზმი – პრაიმერის მექანიზმი. ჩვენი ამოცანაა, ქვეყანამ დაიწყოს ახალი განვითარების ეტაპი, უმუშევრობა, გაჭირვება – ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს. ჩვენს ამბიციაზე უარს ვამბობთ და დავდგეთ ყველანი ერთად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.