გიორგი ვაშაძე პრემიერსა და შს მინისტრს ოთხი წლის წინ გაუჩინარებული 24 წლის ახალგაზრდის საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერსა და შს მინისტრს ოთხი წლის წინ გაუჩინარებული 24 წლის ახალგაზრდის საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.
საკითხთან დაკავშირებით, გიორგი ვაშაძემ გაუჩინარებულ გოგონას ოჯახთან ერთად, საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობა გაუარესებული, პოლიციის სისტემა კი ჩამოშლილია.
„ქვეყანაში არის უმძიმესი კრიმინოგენული მდგომარეობა და სამართალდამცავი უწყებები, პოლიციის სისტემა, ფაქტობრივად, ჩამოშლილია. ქალბატონი ლალი ოთხი წელია, ითხოვს საკუთარი შვილის, 24 წლის გოგონას გაუჩინარების საქმის სრულფასოვან გამოძიებას. უამრავი კითხვა და ლაფსუსია, რომელიც არის ამ გამოძიებაში. უმძიმესი ტრაგედიაა ოჯახისთვის, როცა 24 წლის გოგონაა გაუჩინარებული და კიდევ უფრო დიდია ტრაგედია, როცა საქმეზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ასეთი დამოკიდებულებაა.
მივმართავ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, შინაგან საქმეთა მინისტრს, რა არის თქვენი ფუნქცია, თუ არა ასეთი საქმეები გამოიძიოთ. დღეს საქართველოში ვერც ერთი ადამიანი საკუთარ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, რადგან მსგავსი შემთხვევები ხდება. არ შეიძლება, პოლიცია არ იძიებდეს ადამიანების გაუჩინარების, მკვლელობისა თუ სხვადასხვა საქმეს.
კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითი: რამდენი კითხვა გვაქვს, სატელეფონო ზარები რატომ არ ამოიღეს, 112-ში ვინ დარეკა. ამ კითხვებზე პასუხი არ არის. უმძიმესი ვითარებაა, რაც დღეს ქვეყანაშია და ყველამ უნდა შევცვალოთ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარი თავის გარდა, არაფერი აინტერესებს და პოლიციის სისტემის ასეთი ჩამოშლა, კატასტროფაა ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება თავად გაუჩინარებული 24 წლის გოგონას დედის პოზიციას, მშობელი საქმეში არსებულ ბუნდოვან გარემოებებზე საუბრობს. მისი თქმით, გამოძიებას არ ამოუღია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, მობილური ტელეფონი და პირადი კომპიუტერი.
24 წლის რუსუდან ახალბედაშვილი 2016 წელს გაუჩინარდა.