გიორგი ვაშაძე - პრემიერმა მოგვიწოდა, სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიგვემართა, როგორ ჰგონია, ვინმე ენდობა პოლიტიკურად მართულ სამართალდამცავ ორგანოებს
პრემიერმა მოგვიწოდა, სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიგვემართა, როგორ გგონიათ, ვინმე ენდობა თქვენ ან თქვენს პოლიტიკურად მართულ სამართალდამცავ ორგანოებს, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც გუშინ განაცხადა, „პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება დასჯადია, თუ გიორგი ვაშაძეს ამაზე მეტი ინფორმაცია აქვს, ჟურნალისტებთან ჭორაობის ნაცვლად, საგამოძიებო ორგანოებში მიიტანოს“.
ვაშაძის თქმით, მათი თანაგუნდელის შევიწროების საქმეზე გამომძიებლები აიყვანეს და გამოძიებას თავად აწარმოებენ.
„ბატონო გახარია, თქვენი შანტაჟის არავის ეშინია. იცოდეთ, ნდობა გაქვთ ნულოვანი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ავიყვანეთ გამომძიებლები და დეტალურად ვიძიებთ ამ საქმეს, არ წაგიცდეთ ხელი და არ გამოუქვეყნოთ იმ ადამიანს რამე მასალა, თორემ ძალიან მძიმე პასუხს აგებთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით.
გუშინ ბატონმა პრემიერმა მოგვიწოდა, რომ იმ სამართალდამცავი ორგანოებისთვის უნდა მიგვემართა, რომელსაც მსგავსი ტიპის ნული საქმე აქვს გამოძიებული. მე მას ვეკითხები, ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ ვინმე გენდობათ თქვენ ან თქვენს მიერ პოლიტიკურად მართულ სამართალდამცავ ორგანოებს? კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენი რეაქცია ძალიან კონკრეტულად მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, თქვენ ხართ ამ შანტაჟის უკან, როგორც ჩანს, სწორედ თქვენი გუნდია ჩართული პერსონალური ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟში და იმის გამო, რომ ჩვენი მხრიდან არის ნულოვანი ნდობა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, ამ ადამიანსაც არ უნდა, რომ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელი ნუ წაგიცდებათ და ამ კანონდარღვევას ნუ ჩაიდენთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, პირველი, რასაც გააკეთებს, სწორედ ამ ტიპის დანაშაულებს აღკვეთს საქართველოში.
„ყველა, ვინც აქამდე იყო მსგავსი ტიპის სიბინძურეში ჩართული, მიეცემა პასუხისგებაში მინდა, საზოგადოებას მივმართო, ერთადერთი გზა ხელისუფლებაზე წნეხისა არის საჯაროდ საუბარი. მოგიწოდებთ ყველას, ვის მიმართაც ასეთი ტიპის შანტაჟი ხორციელდება და დაშინებას აქვს ადგილი, გამოდით და ისაუბრეთ. ყველას გვერდში დაგიდგებით, იცოდეთ, არ მიგატოვებთ არც ერთ შემთხვევაში“, – განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძემ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი შტაბის წევრს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებიან.