გიორგი ვაშაძე - პრაიმერიზი პარტიების გარეთ წამოწყებული ინიციატივაა, მაგალითად, ამაზე საუბრობდა ნიკა ობოლაძე, სამოქალაქო სექტორის ინიციატივით პრაიმერებზე მსჯელობა იყო კახეთში
გიორგი ვაშაძე - პრაიმერიზი პარტიების გარეთ წამოწყებული ინიციატივაა, მაგალითად, ამაზე საუბრობდა ნიკა ობოლაძე, სამოქალაქო სექტორის ინიციატივით პრაიმერებზე მსჯელობა იყო კახეთში

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს პროევროპულ ფლანგს სჭირდება ერთიანობა. ვაშაძის თქმით, ერთიანობის მიღწევისთვის აუცილებელია ღია, გამჭვირვალე პროცედურები, მათ შორის პრაიმერიზი.

ამასთან, ვაშაძის თქმით, პრაიმერიზის იდეა „სტრატეგია აღამშენებლის“ არ არის, არამედ პარტიების გარეთ წამოწყებული ინიციატივაა.

„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ, პროევროპულ ფლანგს გვჭირდება ერთიანობა, რადგან პრორუსულ უმცირესობას მიტაცებული აქვს ძალაუფლება და პროევროპულის ფასადით მართავს პროევროპულ უმრავლესობას. ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, როცა ასე მივდივართ. ჩემი პარტიისთვის მთავარი ამოცანაა კანდიდატის სტატუსის მიღება, რისთვისაც გვჭირდება პროევროპულ ფლანგზე ერთიანობა.

ერთიანობა რომ შედგეს, აუცილებელია, ხალხის ხმა იყოს გადამწყვეტი ამ ერთიანობაში. თუ ჩვენ პოლიტიკურ კულუარებს არ მოვსპობთ, ყველა ერთიანობა იქნება შეუმდგარი, დაიშლება, იქნება სიტუაციური. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ იყოს გარკვეული ერთიანობა, საჭიროა ღია, გამჭვირვალე პროცედურები და წესები. მათ შორის ერთ-ერთი საკითხი არის პრაიმერიზი. შესაბამისად, როცა ვემხრობით პრაიმერიზს, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ნიშნავს, რომ სწორედ დასავლურ სტანდარტებს ვემხრობით როგორც პოლიტიკურ, ასევე ქვეყნის მართვის პროცესში. ჩვენ ვამბობთ, რომ ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ, ვინ უნდა იყოს, ვინ, სად, როგორ უნდა იყოს და ეს იქნება გამჭვირვალე, ხალხზე, გამარჯვებაზე ორიენტირებული ხმა. ყველა, ვინც პრაიმერიზს ეწინააღმდეგება, როგორც წესი, არის კულუარების მომხრე, რომ ვიღაცასთან წავიდეს, ვიღაცასთან ჩააწყოს, ვიღაცასთან დალაგდეს. ჩვენ ეს არ გვინდა. ეს იდეა არ არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივა. ეს არის პარტიების გარეთ წამოწყებული ინიციატივა, რომელსაც ჩვენ ნამდვილად დადებითად ვაფასებთ. ასევე დადებითად აფასებენ „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“. ელენესთან და ზურასთან ამაზე ვისმჯელეთ. ვინაიდან საკითხზე ამხელა ყურადღებაა, მეტად მიზანშეწონილად მიმაჩნია, მექანიზმების, მეთოდების ფართო განხილვა მოხდეს, თუ როგორ შეიძლება, პრაიმერიზი ერთიანობის ერთ-ერთი გარანტორი, ფუნდამენტი იყოს. დაუშლელი ერთიანობის, რომელიც მოგვიტანს დიდ გამარჯვებას, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს და შემდეგ ყველა ჩვენგანს.

მაგალითად, აშშ-ში უახლოეს ორ კვირაში იქნება არჩევნები. არჩევნებზე გადიან ადამიანები, ვინც პრაიმერიზის გზით მოიპოვეს ხალხის მხარდაჭერა. როგორ უნდა მოხდეს პრაიმერიზსში გამარჯვებულის, წინ მდგომების, უკან მდგომების და ასე შემდეგ გამოვლენა, ეს ხალხმა უნდა  გადაწყვიტოს. ამ მექანიზმებზე სამუშაოა. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კარგია, ასე ადრეულად რომ დავიწყეთ მსჯელობა ერთიანობის იდეაზე, რომელიც სამმა პოლიტიკურმა ძალამ შევთავაზეთ საზოგადოებას. ამ საკითხების კარგად გავლას და ხალხზე ორიენტირებული პროცესის წამოწყებას დრო სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე, ვისი წამოწყებულია პრაიმერიზის იდეა, გიორგი ვაშაძემ მაგალითად მოიყვანა, რომ ამაზე საუბრობდა ნიკა ობოლაძე და ასევე, სამოქალაქო სექტორის ინიციატივით იყო მსჯელობა კახეთში.

„მაგალითად, გეტყვით, ამაზე საუბრობდა ნიკა ობოლაძე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“იყო. ჩვენ გვქონდა გასვლითი შეხვედრა კახეთში, სადაც სწორედ სამოქალაქო სექტორის ინიციატივით იყო მსჯელობა პრაიმერებზე, შიდაპარტიულ დემოკრატიებზე და ასე შემდეგ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, „ნიკა მელია ამბობს, რომ პრაიმერიზი თუ ჩატარდება, გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს განცხადება ერთობის საწინააღმდეგო ხომ არ არის“, ვაშაძემ განაცხადა:

„თუ ის ასე ფიქრობს, მით უმეტეს, პრობლემა არ ყოფილა პრაიმერიზი. მაშინ რატომ ეწინააღმდეგება პრაიმერიზის იდეას, ჩვენ უნდა ვიყოთ წინააღმდეგები, ხომ სწორია?  ამაზე პასუხი მარტივია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.