გიორგი ვაშაძე - პოლარიზაციის შემცირების კარგი გამოსავალია საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენის რედაქციით იყოს მიღებული და „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდეს
პრეზიდენტის მხრიდან განცხადებების გარდა სხვა ნაბიჯები თუ იქნება გადადგმული, კარგი იქნება, რასაც ჯერ ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებაზე“ წნეხი უნდა გაძლიერდეს, მათ შორის საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით არსებული მექანიზმებით და აღნიშნა, რომ ნაბიჯები უნდა გადაიდგას დეპოლარიზაციასა და შეთანხმებაზე.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ დღის წესრიგის შეცვლა უნდა, მაგრამ მეორე მხრივ, საუბრობს, რომ იმას არ ელაპარაკება, შეთანხმებას უკან წაიღებს და ა.შ. ყოველ კვირაში ვითარება უფრო იძაბება.
გაგახსენებთ, საკრებულოებში არსებულ პროცესებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს და ა.შ. ნაბიჯები იდგმება არა თანხმობისკენ, არამედ მეტი პოლარიზაციისკენ. რაც უფრო მეტი იქნება იძულებით მექანიზმებში ჩართული „ქართული ოცნების“ მიმართ, რომ ქვეყანა მძაფრი კრიზისისგან დავიცვათ, მით უკეთესი იქნება. პოლარიზაციის შემცირების კარგი გამოსავალია – საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენის რედაქციით იყოს მიღებული და ამასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდეს. თუ „ქართულ ოცნებას“ ამის სურვილი აქვს, ეს შეუძლია. „ქართულ ოცნებას“ ის კი არ აწუხებს, რიგგარეშე არჩევნების წესი როგორ შეიცვლება, მას არ უნდა, რომ 5-პროცენტიანმა ბარიერმა დაიწიოს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი გაიშვიროს „ნაციონალური მოძრაობისკენ“, ცვლილებების მიღება რატომ არ მოხდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ სამიტზე განაცხადა: „პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.