გიორგი ვაშაძე - პოდოლიაკის განცხადება ქართველ ხალხს არ ეხება, ის ქართველების დიდი მოყვარულია და გულშემატკივრობს ქვეყანას, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს
გიორგი ვაშაძე - პოდოლიაკის განცხადება ქართველ ხალხს არ ეხება, ის ქართველების დიდი მოყვარულია და გულშემატკივრობს ქვეყანას, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს

ფაქტობრივად, ჯოზეფ ბორელმაც იგივე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა რუსული ინტერესების გატარების პლაცდარმად აქცია. მთელი ერი როდესაც მობილიზებულია, რათა ევროკავშირის წევრი გახდეს და სტატუსი მივიღოთ, ამ დროს გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ინტერესებს ატარებს. ამას ყველა ხედავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, რომ „საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“.

„არამეგობრული და ანტიქართულია ის, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ და როგორც მოიქცა ირაკლი ღარიბაშვილი ერთობლივ ბრიფინგზე. ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის ამაზე დამაზიანებელი რა უნდა იყოს? – ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა „ქართულმა ოცნებამ“ გააფუჭა ომის დაწყების დღიდან. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები გაგახსენოთ? სანქციები არ მუშაობსო. მისი მხრიდან სხვა კიდევ ბევრი რუსული განცხადება იყო, რამაც გააფუჭა ეს ყველაფერი. „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირთან ურთიერთობის გაფუჭება უნდა, რაც არ გაუვათ. პოდოლიაკის განცხადება ქართველ ხალხს არ ეხება, ქართველ ხალხს რუსულ ინტერესებთან დაკავშირებით ბორელის განცხადება არ ეხება. რომ არა ქართველი ხალხი, დღეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის ფანჯარა დაკეტილი იქნებოდა. საქართველო მოლდოვას შეადარეთ. იქ ასეთი ვითარება რომ იყოს, სადაც 50/50-ზეა ინტეგრაციისა და რუსეთის მომხრეების რაოდენობა, მაშინ კარები დაიხურებოდა. საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში უნდა და არ უნდა რუსეთი. ეს კარი სწორედ ამიტომ არის დღემდე ღია. ამას ხედავს პოდოლიაკიც, ბორელიც, ზელენსკიც, მაკრონიც, ბაიდენიც, შოლციც და ყველა. თორემ ეს კარი დიდი ხანი დაკეტილი იქნებოდა.

საქართველოს ყველაფრის შესაძლებლობა აქვს. ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი. ამაში 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული. პროპაგანდისტულ თემებში ფრაზეოლოგიას ნუ ამოგლეჯთ და კონტექსტს ნუ ამოაცლით. პოდოლიაკი ქართველების დიდი მოყვარული ადამიანია და ქვეყანას გულშემატკივრობს, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. ოღონდ საქართველოს ხელისუფლება ვიდრე რუსეთის ინტერესებს ატარებს, ჩვენ არ გვეშველება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.