გიორგი ვაშაძე - პირდაპირ ვეუბნები „ნაციონალურ მოძრაობას“, გააკეთეთ სააკაშვილის გადარჩენის შტაბი, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო მასშტაბით და ქვეყნის შიგნით ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა
პირდაპირ ვეუბნები „ნაციონალურ მოძრაობას“, გააკეთეთ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბი, სადაც უნდა გაწევრიანდნენ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ქმედებებს განახორციელებენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მასშტაბით ერთიანობა აჩვენონ და ებრძოლონ დეზინფორმაციას, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარეობს.
„ქვეყნის შიგნით გვჭირდება დიდი ერთიანობა. პირდაპირ და ცალსახად ვამბობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გადამწყვეტი როლი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ და გვითხრან, რას აპირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით. საჭიროა კონკრეტული ქმედებები, რომლებშიც ჩვენ ვიქნებით ერთიანი.
პირდაპირ ვეუბნები „ნაციონალურ მოძრაობას“, გააკეთეთ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბი, სადაც უნდა გაწევრიანდნენ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ქმედებებს განახორციელებენ. რას ველოდებით, რას ელოდებიან, რატომ არ არის ეს ინიციატივები? აუცილებელია, ეს მოხდეს. ხალხი დაიღალა, აღარ უნდა ამის მოსმენა – ჩვენ ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ასე ვიზამთ, დავფიქრდებით. არა, ქმედებები უნდა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ პროტესტზე, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ერთიანობა ვაჩვენოთ საერთაშორისო მასშტაბით და ქვეყნის შიგნით, ვებრძოლოთ იმ დეზინფორმაციას, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარეობს“, – განაცხადა ვაშაძემ.