გიორგი ვაშაძე - პირდაპირ დავიწყოთ საუბარი და მოლაპარაკებები დასავლეთთან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და დავუდგეთ ყველა ადამიანს გვერდში
ჩვენ წინ დიდი ბრძოლები გვაქვს, პირველ რიგში, ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობისკენ, ამიტომ ისე, როგორც ერთობით შევძელით დღევანდელი დღე, ასევე ერთობით გავაგრძელებთ სვლას გამარჯვებისკენ, დიდი გამარჯვებისკენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მთავარი მიზანია, არ მიეცეს შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ საქართველო ააცდინოს ევროინტეგრაციის გზას.
„სწორედ ამ საკითხისთვის მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეკრება, მაგრამ ამის მისაღწევად ეს საკმარისი არ არის და გვაქვს კონკრეტული ამოცანები, პირველი – პირდაპირ დავიწყოთ საუბარი და მოლაპარაკებები დასავლეთთან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით; მეორე გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და დავუდგეთ ყველა ადამიანს გვერდში, ვისაც ჩაგრავს არსებული სისტემა; მესამე, ვიმოქმედოთ გეგმაზომიერად, რათა წლის ბოლოს მოვიპოვოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც ნიშნავს უსაფრთხოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას ჩვენთვის; და მეოთხე, ყველა ეს ქმედება განვახორციელოთ ერთად, სწორედ ისე, როგორც გავაკეთეთ დღევანდელი დღე. მზად ხართ ერთიანობისთვის? მზად ხართ ერთად დგომისთვის? მზად ხართ გამარჯვებისთვის? ეს ეროვნული ენერგია სჭირდება საქართველოს. უნდა გვესმოდეს, რომ ერთი შეკრებით, ერთი აქციით გარდამტეხი ცვლილებები არ მიიღწევა, ამიტომ ისევ დაგვჭირდება შეკრებები და ერთიანი კოორდინიებული, გაბედული ქმედებები. საბოლოო გამარჯვებისთვის აუცილებელია შევთანხმდეთ მთავარ, ეროვნულ საკითხებზე, ტერიტორიული მთლიანობა, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება. ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება კი, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაა, რომლის ცვლილებაც ჩვენი, აქ შეკრებილი ადაამიანების და თქვენი, ასობითათასი გულანთებული პატრიოტის, ვინც ახლა ტელეეკრანებიდან გვადევნებთ თვალს, პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა.
დღეს ბევრს საუბრობენ მშვიდობაზე, მაგრამ მშვიდობა არ არსებობს თავისუფლებისა და გამარჯვების გარეშე. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ საქართველოს, დიდება საქართველოს, საქართველოს გაუმარჯოს! გენაცვალეთ ყველას, მიყვარხართ ყველა, სლავა უკრაინე! ჩვენ, მეგობრებო, გვაქვს ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი. ჩვენ დავსახეთ დღეს ამისთვის ამოცანები, მაგრამ მინდა, ყველას გულწრფრლად გითხრათ, დღევანდელ დღეს ჩვენ პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოვიყენებთ, რადგან ეს არის უკრაინის სოლიდარობის დღე, მაგრამ ამ ერთიანობის დემონსტრირებით ყველას დღეს გვაქვს მეტი ენერგია, რომ უფრო გამბედავად, უფრო გადამწყვეტად ვიბრძოლოთ, რათა საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ და გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა, ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. დიდი მადლობა ყველას და გვფარავდეს ღმერთი“, – განაცხადა ვაშაძემ.